ირაკლი აბესაძე: თვითმხილველების რესურსი, საქმე გახსნილიყო, გამოძიებას დაკარგული აქვს

შეგვიძლია ვთქვათ, რომ თვითმხილველების რესურსი, საქმე გახსნილიყო, გამოძიებას დაკარგული აქვს – ეს განცხადება, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელმა საგამოძიებო კომისიის წევრმა ირაკლი აბესაძემ გააკეთა.
აბესაძის თქმით, დღეს თვითმხილველები საუბრობენ, რომ ბევრი არაფერი დაუნახავთ. თუმცა, როგორც აბესაძე აღნიშნავს, თუკი ყველა ამ პირის დაკითხვა დაუყოვნებლივ მოხდებოდა, შესაძლებელია, მეტი დეტალი აღედგინათ.
კითხვაზე, აღნიშნული მოწმეები იყვნენ თუ არა თავის დროზე ზეწოლის ქვეშ და ახლა შემთხვევის შესახებ ფრაგმენტულად იმიტომ ხომ არ ყვებიან, აბესაძე აცხადებს, რომ წინასწარი დასკვნისგან თავს შეიკავებს.
ამასთან, აბესაძის თქმით, პოლიცია, რომელიც აცხადებს, რომ საქმის გახსნა უჭირს, რადგან არასრულწლოვნები მასთან არ თანამშრომლობენ, თვითმხილველებს დაუყოვნებლივ არ კითხავს.
„პირველ რიგში, ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ შსს-ს წარმომადგენლის, ბატონი სირაძისა და პროკურორის, ზვიად ფხაკაძის დაკითხვის შემდეგ ცალსახად გამოიკვეთა, რომ გამოძიებამ თვითმხილველების აბსოლუტური უმრავლესობა ძალიან დაგვიანებით დაკითხა და მათი ჩვენებები საქმეში 18-დან 21 დეკემბრამდე ჩნდება, მას შემდეგ, რაც მომხდარიდან ორ კვირაზე მეტია გასული.
დღესაც თვითმხილველები საუბრობენ, რომ მათ ბევრი არაფერი დაუნახავთ. ისინი ხორავას 4 ნომერში მიმდინარე ჩხუბზე ფრაგმენტულად საუბრობენ. თუმცა შთაბეჭდილება რჩება, რომ თუკი მოხდებოდა ყველა ამ ადამიანის დაკითხვა დაუყოვნებლივ, პირველ და ორ დეკემბერს, ისინი შესაძლებელია, მეტი დეტალის აღდგენას შეძლებდნენ. თუკი მათ მიეცემოდათ საშუალება, რომ არასრულწლოვნები ჩაცმულობით ამოეცნოთ, რომელთა ვიდეოკამერებზე დაფიქსირება შესაძლებელი გახდა მიმდებარე ობიექტების კამერებზე, მაშინ, რა თქმა უნდა, მათ ასევე შესაძლებელია, გამოძიებისთვის მეტი ინფორმაცია მიეწოდებინათ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ თვითმხილველების რესურსი, საქმე გახსნილიყო, გამოძიებას დაკარგული აქვს“,- განაცხადა აბესაძემ.

banner
წინა სტატიაში1–ელ ივლისს გორში “მოძრავი მუზეუმი 1918-1921” გაიხსნება
შემდეგი სტატია“შიშველია, ხელები და ფეხები არ აქვს” – სვანიძის ქუჩაზე ცხედარი იპოვეს