საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ჟენევაში, საერთაშორისო საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 148-ე ასამბლეაში მონაწილეობს. საერთაშორისო ფორუმზე განსახილველ საკითხთა შორის ერთ-ერთ მთავარ თემას მშვიდობისთვის საპარლამენტო დიპლომატიის როლი და მისი ძალისხმევის გაძლიერებაზე მსჯელობა წარმოადგენს.
ასამბლეის მონაწილეებს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ მიმართა, რომელმაც ყურადღება ქვეყნის შიგნით სამშვიდობო პროცესების განვითარების საკითხებზე გაამახვილა.
„დღეს ომით გახლეჩილ საზოგადოებებს შორის არ არსებობს საერთო აზრი სახელმწიფოს მომავალ პოლიტიკურ მოწყობასთან დაკავშირებით, მაგრამ დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ამ პრობლემას მშვიდობიანი გზით მოვაგვარებთ. დღეს კი უნდა ვიზრუნოთ, რათა ერთ გეოგრაფიულ სივრცეში მცხოვრებმა ჩვენმა შვილებმა ერთმანეთს თვალებში და არა იარაღის სამიზნეებიდან უყურონ“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
საერთაშორისო საპარლამენტთაშორისო კავშირის 148-ე ასამბლეას, რომელიც 23-27 მარტს იმართება, საქართველოს პარლამენტის წევრები გიორგი ვოლსკი, ნიკოლოზ სამხარაძე, ხატია წილოსანი და დავით ზილფიმიანი ესწრებიან.