იმედია, მმართველ გუნდს ეყოფა ჭკუა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს არ დაესხმება თავს – იოსელიანი

იმედია, მმართველ გუნდს ეყოფა ჭკუა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს არ დაესხმება თავს,- ასე ეხმაურება პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი, ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანი “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის შეფასებას, რომელმაც განაცხადა, რომ შვეიცარიული ბანკიდან ბიძინა ივანიშვილისთვის თანხის გადარიცხვის შეფერხება კითხვებს აჩენს და ამაში გარკვეულ კოორდინაციას ხედავენ.

ჟურნალისტის კითხვაზე, ხედავს თუ არა შვეიცარიული ბანკიდან ბიძინა ივანიშვილისთვის თანხის გადარიცხვაში შეფერხებას ამერიკის შეერთებულ შტატებთან კოორდინაციას, აღნიშნა, რომ ის მოერიდებოდა ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორის დადანაშაულებას.

“მე მოვერიდებოდი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების დადანაშაულებას იმგვარ ქმედებაში, რომელიც ქვეყნისთვის შეიძლება იყოს დესტაბილიზაციის და ზიანის მომტანი. ბოლო 30 წლის განმავლობაში შეერთებული შტატები იყოს გარანტი ამ ქვეყანაში, უსაფრთხოების და დემოკრატიული პროცესების წინსვლის. ასეთ განცხადებებს არ ვიზიარებ”, – განაცხადა იოსელიანმა.

მისივე თქმით, მას არ აქვს მოლოდინი, რომ ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესდება.

“ყველა ინფორმაცია, რაც ბიძინა ივანიშვილზე გავრცელდა, ის გავრცელდა მისი წყაროების მეშვეობით. თვითონ მას უნდოდა ამ ინფორმაციის გასაჯაროება და შემდეგ პოლიტიკური კომენტარების არსებობა. მე განსხვავდები იმ პოლიტიკოსებისგან, რომლებიც ასე მარტივად ფიქრობენ, რომ ხვალ და ზეგ ვიღაცას სანქციებს დაადებენ. ეს ასე არ მომხდარა და ვიცი, რომ ასე მარტივად არ ხდება. შესაბამისად, ყალბ მოლოდინებს სანქციებთან დაკავშირებით არ შევიქმნი”,- განაცხადა იოსელიანმა.

წინა სტატიაშიდაუწესეთ ივანიშვილს სანქციები, ის შეშინებული გაიქცევა და რეჟიმი დაემხობა – პიონტკოვსკი
შემდეგი სტატიაბორის ჯონსონი შვედეთისა და ფინეთის ლიდერებთან რეგიონში გაზრდილი საფრთხეების ფონზე, უსაფრთხოების ორმხრივ გარანტიებს ხელს აწერს