,,იმ მეტროსადგურს, სადაც აფეთქება მოხდა, მეც აქტიურად ვიყენებდი წლების განმავლობაში”

იმ მეტროსადგურს, სადაც აფეთქება მოხდა, მეც აქტიურად ვიყენებდი წლების განმავლობაში, – ეს კომენტარი საქართველოში ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა ჟურნალისტებთან ბრიუსელში გუშინ მომხდარი ტერაქტების სერიის შესახებ საუბრისას გააკეთა.

“რთულია ამაზე ისაუბრო. ჩვენ ყველანი შოკირებულები ვართ იმის გამო, რაც ბრიუსელში მოხდა. ნება მომეცით დავამატო, რომ ის ადგილები, სადაც აფეთქებები მოხდა ძალიან ნაცნობია ჩვენთვის. იმ მეტროსადგურს, სადაც აფეთქება მოხდა, მეც აქტიურად ვიყენებდი წლების განმავლობაში. ეს თავდასხმა მოხდა ბელგიაში, ბრიუსელში. თუმცა, ამავე დროს ჩვენ ვგრძნობთ, რომ ის მოხდა ევროპის გულში გეოგრაფიულად. მეორე მხრივ, ეს მოხდა იმიტომ რომ იგი მიმართული იყო ყველა იმ ღირებულების წინააღმდეგ, რასაც ჩვენ ევროკავშირში მივყვებით”, – აღნიშნა იანოშ ჰერმანმა.

ელჩმა ასევე მადლობა გადაუხადა ქართველ ხალხს სოლიდარობისთვის.
“ჩვენ მადლობელი ვართ იმ განცხადებების გამო, რაც ქართველმა პოლიტიკოსებმა – პრემიერმა, პრეზიდენტმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, პარლამენტში წარმოდგენილმა ყველა პარტიამ გააკეთა. ჩვენ მადლობელი ვართ, ყველა მათი სიტყვის გამო. ჩვენ ასევე მადლობელი ვართ იმ სიმპათიის გამო, რაც ქართველებმა, ქართულმა საზოგადოებამ გამოხატა”, – განაცხადა იანოშ ჰერმანმა.

banner
წინა სტატიაში“კადრების გავრცელება მხოლოდ და მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებში შედის”
შემდეგი სტატია,,ხელისუფლებამ საარჩევნო საზღვრები თბილისში ერთმანეთში არია და აზილა”