ილია მეორემ საპატრიარქოში თავდაცვის სამინისტროს და გენშტაბის ხელმძღვანელობას უმასპინძლა

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ საპატრიარქოში თავდაცვის სამინისტროს და გენერალური შტაბის ხელმძღვანელობა მიიღო.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ილია მეორემ უწყების ახალი გუნდი დალოცა და ქვეყნის სამსახურში წარმატება უსურვა.

პატრიარქთან საუბრისას, თავდაცვის მინისტრმა დაგეგმილი რეფორმების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და პატრიარქს შეიარაღებული ძალების თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.

შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ ილია მეორეს ახლადდანიშნული მოადგილეები წარუდგინა და ახალ გუნდთან ერთად დასახული მიზნების განხორციელებას დაპირდა.

პატრიარქმა შეხვედრაზე ვრცლად ისაუბრა მეზობელ ქვეყნებთან კეთილმეზობლური ურთიერთობების აუცილებლობაზე, შეიარაღებული ძალების განვითარებასა და პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, რომელიც ილია მეორის აზრით, სამხედრო სამსახურის სრულყოფისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია.

თავდაცვის მინისტრმა და გენერალური შტაბის უფროსმა პატრიარქს, შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ცნობილი ქართველი მხატვრის, რუსუდან ფეტვიაშვილის ტილო გადასცეს საჩუქრად, რომელიც „ვეფხისტყაოსნის“ ცნობილი კოლექციიდან არის.

banner
წინა სტატიაშიმასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა საჯარო სკოლის დირექტორების გადამზადების მეორე ეტაპი დაიწყო
შემდეგი სტატიაშსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს პანკისის ხეობიდან მოსწავლეები ესტუმრნენ