“ილაპარაკე ძალადობაზე” – რუსთაველის თეატრთან ნინუცა მაყაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

აქცია ილაპარაკე ძალადობაზე

რუსთაველის თეატრთან აქცია გაერთიანება გილდიის ორგანიზებით, ძალადობისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ აქცია “ილაპარაკე ძალადობაზე – მოქმედების დროა” გაიმართა. მსახიობ და ტელეწამყვან ნინუცა მაყაშვილის მხარდამჭერ აქციაზე პროტესტის მონაწილეები აკრიტიკებდნენ რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის განცხადებებს. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის თანახმად, რობერტ სტურუა თავისი განცხადებებით ახალისებს ძალადობას და აჩენს ეჭვს, რომ თეატრში ილახება დასაქმებულების უფლებები.

აქციაზე პროტესტის მონაწილეებსა და რუსთაველის თეატრის რამდენიმე მსახიობს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. მსახიობი გოგო ბარბაქაძე ამბობს, რომ “გაღიზიანება გამოწვია იმან, რომ ყველაფერი გადავიდა რობერტ სტურუაზე, თითქოს რობერტ სტურუამ წაახალისა ბესო ზანგური”.

აქციის ორგანიზატორებმა შემდეგი მოთხოვნები წამოაყენეს:

კულტურის სამინისტრომ გადადგას ნაბიჯები, იზრუნოს სამართლებრივ დოკუმენტებსა და სსიპ თეატრების შინაგანაწესებში, დისკრიმინაციის, სექსუალური შევიწროებისა და ძალადობის შესახებ, ნორმების დეტალურად გაწერასა და გამკაცრებაზე.
ადეკვატური პასუხი გასცეს რუსთაველის თეატრის მენეჯმენტის მხრიდან ძალადობის წახალისებისა და სხვა მრავალი დარღვევის ფაქტებს.
მოამზადოს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის მიზანი იქნება სახელმწიფო თეატრების მართვის არსებული მოდელის რეფორმა, სამხატვრო ხელმძღვანელის შემოქმედებითი, მენეჯერული და ფინანსური უფლებამოსილებების განაწილება, აგრეთვე, სამხატვრო ხელმძღვანელის შიდა მაკონტროლებელი ორგანოს შექმნა და სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობის, დემოკრატიული წესით, არჩევითად გარდაქმნა.
მოვუწოდებთ, სახალხო დამცველს, Ombudsman-ს, შეისწავლოს რობერტ სტურუას მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებები და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.
გუშინ, 16 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ძალადობაში ბრალდებული მსახიობი, ბესო ზანგური, დროებით ყველა როლიდან მოხსნეს. ოფიციალურ ბრძანებას წერია ხელს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, რობერტ სტურუა აწერს.

მსახიობმა და ტელეწამყვანმა, ნინუცა მაყაშვილმა ყოფილი ქმარი, რუსთაველის თეატრის მსახიობი, ბესო ზანგური, “რუსთავი 2”-ის ეთერში არაერთგზის ცემაში დაადანაშაულა, მათ შორის, ორსულობისას. მაყაშვილმა გადაცემა “ფარულ კონვერტში” თქვა, რომ ზანგურს 11 წლის წინ სწორედ ძალადობის გამო დაშორდა.

banner
წინა სტატიაშიშსს: ბათუმში დავაკავეთ ადამიანი, რომელმაც პოლიციელს მინის ბოთლით დაზიანება მიაყენა
შემდეგი სტატიაბარბაქაძე: იმ მარაზმში ნუ გადავალთ, რომ დეზდემონას დავახრჩობინოთ ოტელო