გუკა რჩეულიშვილს შესაძლოა საპატიმროში დაბრუნება მოუწიოს

თუ 4 ნოემბრამდე „ცენტრ პოინტის“ საქმეზე საპროცესო შეთანხმება არ გაფორმდება, გუკა რჩეულიშვილს შესაძლოა, საპატიმროში დაბრუნება მოუწიოს.

ბათუმის „მაგნოლიას“ საქმეზე სასამართლო განხილვების 2 წლიანი ვადა სწორედ 4 ნოემბერს იწურება.

მომდევნო სხდომა 24 ოქტომბერსაა ჩანიშნული, რომელზეც თუკი საპროცესო შეთანხმება არ იქნება გაფორმებული, ბრალდების მხარე დასკვნით სიტყვას იტყვის. ამის შემდეგ კი დასკვნითი სიტყვით დაცვის მხარე ისარგებლებს და ბრალდებულების საბოლოო სიტყვის შემდეგ მოსამართლე განაჩენს გამოიტანს. თუკი საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი დადგა, გუკა რჩეულიშვილი შესაძლოა, საპატიმროში დაბრუნდეს.

გუკა რჩეულიშვილის გარდა, საპროცესო შეთანხმება, რომელიც „ცენტრ პოინტის“ საქმეზე უნდა გაფორმდეს, მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს ეხებათ. გარიგების საფუძველზე, მაია რჩეულიშვილი და რუსუდან კერვალიშვილი საპატიმროს დატოვებენ და მათ დარჩენილი რეალური სასჯელი, პირობით მსჯავრად დაეკისრებათ. საპროცესო შეთანხმების გაფორმებისთვის დაუსრულებელი ობიექტების დასრულება და „ცენტრ პოინტის“ მშენებლობისგან დაზარალებულთა თანხმობაა საჭირო.

თბილისის საქალაქო სასამართლომ, „ცენტრ პოინტის” დამფუძნებლები მაია რჩეულიშვილი და რუსუდან კერვალიშვილი, 31 მარტს, თაღლითობისა და მენაშენეთა კუთვნილი თანხების მითვისებაში დამნაშავედ სცნო და 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. საქმე რამდენიმე ობიექტს, მათ შორის სააკაძის მოედანზე, კრწანისში და წყნეთის ობიექტებს ეხება.

შეგახსენებთ, რომ მაია რჩეულიშვილის წინააღმდეგ კიდევ ორ საქმეზე მიმდინარეობს სასამართლო განხილვა, რომელთაგან ერთზე, რომელზეც ბრალდებული გუკა რჩეულიშვილიცაა, განაჩენი შესაძლოა, 4 ნოემბრამდე გამოცხადდეს.

banner
წინა სტატიაშიფარცხალაძის ადვოკატი საგანგებო განცხადებას გააკეთებს
შემდეგი სტატია“არ შეიძლება საქართველოდან ადამიანები უცხოეთში მიდიოდნენ იმ მკურნალობის მისაღებად, რაც მათი სიცოცხლისთვის აუცილებელია” – სალომე ზურაბიშვილი