გრიგოლ გეგელია – ოპოზიციის მოთხოვნები უცვლელია, დანიელსონს ჩვენს გეგმას შევთავაზებთ

მივესალმებით დანიელსონის ვიზიტს, ის ძალიან გამოცდილი საჯარო მოხელე და დიპლომატია, ამიტომ დიდი იმედით ველით და ვთვლით, რომ ძალიან მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ამ კრიზისის გადაჭრაში, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

გეგელიას განცხადებით, კრისტიან დანიელსონის საქართველოში ვიზიტი ნიშნავს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის საქართველო.

„ის არის გაფართოების და სამეზობლო პოლიტიკის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. შესაბამისად, ეს მიგვითითებს ევროკავშირიდან ძალიან მნიშვნელოვან პოლიტიკურ გზავნილზე, რომ დღეს საქართველოს ევროინტეგრაცია დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად გამართულად წავა მედიაციის ეს პროცესი და რამდენად მაღალ პოლიტიკურ კულტურას აჩვენებს პოლიტიკური კლასი. მედიაცია თავისი არსით უფრო მეტ შინაარსობრივ ჩაღრმავებას გულისხმობს მედიატორის მხრიდან, ვიდრე ეს არის ფასილიტატორის მხრიდან. შესაძლებელია, მედიატორს თავისი პრეფერენციები ჰქონდეს იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა შეთანხმდნენ მხარეები, ეს მედიატორის პრეროგატივაა. კონკრეტულად დანიელსონზე ვერ ვიტყვი, რომ მას ასეთი მუხლები ექნება, მაგრამ ამაში გასაკვირი არაფერი იქნება. ოპოზიციის მხრიდან მოთხოვნები უცვლელია, ჩვენი ანალიზი იმისა, თუ რა არის საჭირო საქართველოსთვის არის უცვლელი. ჩვენ დანიელსონს შევთავაზებთ ჩვენს გეგმას საქართველოს დემოკრატიის ამბიციური რეფორმისა, იმის უზრუნველსაყოფად, რომ ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ არჩევნები იყოს მართლა არჩევნები და იყოს განვითარების, პროგრესის ინსტრუმენტი“, – განაცხადა გეგელიამ.

მისივე თქმით, 16 მარტამდე მხარეებს შორის მოლაპარაკებებში გარკვეული პროგრესი უნდა იყოს.

„მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი მიშელი წავიდა, „ქართული ოცნებისგან“ ვერ დავინახეთ ვერც კონსტრუქციული და ვერც თანამშრომლობის სულისკვეთებით აღსავსე ქმედებები. იმედი მინდა დავიტოვო, რომ 16 რიცხვამდე გარკვეული კონსენსუსი იქნება მიღწეული. მინდა ყველას შევახსენო, ისეთი უმაღლესი კალიბრის წარმომადგენლებიც კი, როგორიც თვითონ ბორელია ძალიან ნათლად გვეუბნებიან, რომ 16 მარტამდე უნდა იქნას მიღწეული გარკვეული პროგრესი, თუ არა პრობლემის მთლიანად გადაჭრა. იმედი მაქვს, 16 მარტამდე მივაღწევთ, რომ ჩვენი ქვეყანა არ შერცხვეს და აღიქმებოდეს, როგორც სერიოზული პარტნიორი“, – განაცხადა გეგელიამ.

banner
წინა სტატიაშიპოლიციამ ქუთაისში მომხდარი დაჭრის ფაქტი დანაშაულის ჩადენიდან ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია 1 პირი
შემდეგი სტატიაგარდაცვლილი რვა თვის ბავშვის საქმეზე დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა