გიორგი შარვაშიძე: სხვისი ნაშრომი არ მიმითვისებია, რადგან ეს დადგენილება საჯარო დოკუმენტია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შერვაშიძე მის სადისერტაციო ნაშრომთან დაკავშირებით სოციალური ქსელით გამოთქმულ ბრალდებებს გამოეხმაურა.

შერვაშიძემ ნაშრომის იმ ნაწილზე ისაუბრა, რომელიც ბრალდებების სამიზნე გახდა.

თსუ-ს რექტორის განმარტებით, დისერტაციაში გამოყენებულია საქართველოს პარლამენტის დადგენილება, რომლის შემუშავებაზეც მუშაობდა ექსპერტთა ჯგუფი მისი ხელმძღვანელობით.

“სხვისი ნაშრომი არ მიმითვისებია, რადგან ეს დადგენილება არის საჯარო დოკუმენტი. მე რომც არ ვყოფილიყავი ამ ჯგუფის წევრი და ხელმძღვანელი, ან სხვას გამოეყენებინა დადგენილება, არც ამ შემთხვევაში იქნებოდა პლაგიატი, რადგან საავტორო უფლებები არ ვრცელდება ასეთი სახის დოკუმენტებზე, საკანონმდებლო აქტებზე”,- აღნიშნა გიორგი შარვაშიძემ.

მისი თქმით, ოპონენტები მანიპულირებენ როდესაც პარლამენტის დადგენილებას უწოდებენ ბროშურას.

“ცხადია, პარლამენტის დადგენილება გამოქვეყნდა „საკანონმდებლო მაცნეში“ და მას ბროშურის ფორმა აქვს. ამ ბროშურის მიუთითებლობა პლაგიატი არ არის“ – განაცხადა რექტორმა.

ამასთან, შარვაშიძემ განმარტა, რომ საექსპერტო ჯგუფის გარდა, ამ დადგენილებაზე მუშაობდა საქართველოს პარლამენტის ინტერფრაქციული ჯგუფი, რომელიც იყო ამ დოკუმენტის ძირითადი ავტორი.

რექტორის თქმით, ეს იყო პარლამენტის მიერ მიცემული დავალება, რომ ინტერფრაქციულ ჯგუფს ამ პერიოდში ეს დოკუმენტი შეედგინა.

“ამიტომ ყველაზე მეტი პრეტენზია, ვისაც შეიძლება ჰქონდეს, ამ ჯგუფის წევრები უნდა იყვნენ. მაგრამ, რადგან ეს არის საკანონმდებლო დოკუმენტი, მასზე არ ვრცელდება საავტორო უფლებები და, შესაბამისად, მას ვერც ავტორი ეყოლება”,- ამბობს რექტორი.

როგორც რექტორმა აღნიშნა, ამ საკითხზე დაკავშირებით ის ესაუბრა თსუ-ს აკადემიურ საბჭოს, სენატს, საზოგადოების წარმომადგენლებს და მათ ამ თემასთან დაკავშირებით კითხვები არ დარჩენიათ.

გიორგი შარვაშიძე ყოველივეს უნივერსიტეტის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ ეს ყველაფერი თსუ-ს დისკრედიტაციისკენ არის მიმართული.

banner
წინა სტატიაშიოთარ კვირიკაშვილი: „ივანიშვილმა პარლამენტთან სანგრების გათხრა დაიწყო“
შემდეგი სტატიასაქართველოს მთავრობამ ეს წერილი სერიოზულად უნდა მიიღოს