ოთარ კვირიკაშვილი: „ივანიშვილმა პარლამენტთან სანგრების გათხრა დაიწყო“

„დარწმუნებული ვარ, რომ „ოცნებამ“ კონგრესმენების მოქრთამვა სცადა“

„ქართული ოცნებისთვის“ 2020 წელი ცუდად დაიწყო. ევროპა და ამერიკა დემოკრატიას გვიწუნებენ და პოლიტპატიმრების არსებობაზე მიუთითებენ. რაც კარგის ნიშანი არ არის. ხელისუფლება დასავლეთის პოზიციის გამო შეშფოთებულია, მაგრამ იხტიბარს მაინც არ იტეხს და ერს არწმუნებს, დასავლეთი თუ გააკრიტიკებს, ეს ბევრს არაფერს ნიშნავსო.

რატომ გახდა დასავლეთი საქართველოს ხელისუფლების მიმართ ასეთი რადიკალური, რატომ შემოავლეს პარლამენტს ღობე, რაზე მიუთითებს „ოცნების“ წევრების აგდებული დამოკიდებულება დასავლეთის მიმართ, რა პასუხს მიიღებენ ამაზე, რა ხდება პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით? – ამ თემებზე „თაიმერს“ „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ოთარ კვირიკაშვილი ესაუბრება.

– რამდენიმე დღეა რაც დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლებაზე იერიში მიიტანა, ერთმანეთის მიყოლებით კეთდება მწვავე განცხადებები. თითქოს ელოდნენო საქართველოში როდის გადაივლიდა საახალწლო ნადიმების ბუმი.

– ხელისუფლების მტკიცებით, დასავლეთს არასწორი ინფორმაცია აქვს საქართველოსთან დაკავშირებით. სინამდვილეში კი მათ აქ მიმდებარე მოვლენებზე დეტალური ინფორმაციები აქვთ. ისიც კი იციან, თუ როდის კვდება აქ პოლიტიკური პროცესები, როდის მთავრდება ახალი წლები და როდის გამოვა “პახმელიიდან” ქართველი ერი. გამოიფხიზლა თუ არა ქართველმა ერმა, დასავლეთმა ეგრევე შეუტია „ქართულ ოცნებას“. დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროცესი აღარ გაჩერდება. მე კიდევ უფრო მწვავე განცხადებებს ველოდები დასავლეთიდან.

– კიდევ უფრო მწვავეს რატომ ელოდებით?

– ირანული ფულის გათეთრების სკანდალი ასე არ ჩაივლის. რამდენიმე დღის წინ ეს მხოლოდ ექსპერტებმა შეაფასეს. ახლა ამით ევროპარლამენტარები, აშშ-ს კონგრესი და სენატიც დაინტერესდებიან. ეს ბევრად უფრო მძიმე თემაა ვიდრე პროპორციული არჩევნები. „ოცნება“ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან გაცილებით დიდ წნეხში მოექცევა.  იზოლირებულები აღმოჩნდებიან და 2020 -ის არჩევნებამდე მშვიდად თუ მიაღწიეს, მაშინ ყოჩაღ მაგათ.

– იზოლაცია ახსენეთ და თავად დაიწყეს საკუთარი თავის იზოლირება. პარლამენტისთვის დიდი მწვანე ღობის შემოვლება სხვა არაფერია, თუ არა იზოლაცია.

– „ოცნება“ მაგრად გაიჭედა და ხელოვნური ბარიერების შექმნა დაიწყო. ამ ღობის შემოვლების ამბავი რომ გავიგე, სოციალურ ქსელში დავწერე – მალე ესენი სანგრებს გათხრიან-თქო და მართლა გაუთხრიათ სანგრები. ათას სისულელეს მიედ-მოედებიან.  სიტუაციას ისიც უმძიმებს, რომ ერთმანეთსაც აღარ ენდობიან. გუნდში სერიოზული დაპირისპირება აქვთ. ჩვეულებრივ აგონიაში არიან, მაგიტომ ვთქვი რომ წარმოუდგენელია, ამათ არჩევნებამდე მშვიდად მიაღწიონ.

– კონგრესმენების მწვავე წერილის შეფასებებისას „ოცნებამ“ საოცარი არაადეკვატურობა გამოავლინა. ზოგი ამბობს, კონგრესმენი კეზინგერი საერთოდ ვინაა, მწვანე გია გაჩეჩილაძემ თქვა. მნიშვნელოვანი მხოლოდ თეთრი სახლის ადმინისტრაციის განცხადებააო და ა.შ.

– ძალიან სასაცილოები არიან. საქართველოს ხელისუფლების მისამართით მწვავე განცხადება გააკეთა აშშ-ს თავდაცვის მდივნის ყოფილმა მონაწილემაც. გამოვიდა სოფო კილაძე და თქვა, ვიღაც რაღაცას იტყვის და პარლამენტის წევრისგან მისი შეფასება უხერხულიაო. ამას ამბობს ის ქალი, რომელიც ქართულ ტროლ-საიტებს არ გასცდენია ცხოვრებაში. ესენი ვერ იაზრებენ თუ ვისთან აქვთ საქმე. ისიც არ იციან, თუ რას ნიშნავს იყო სენატორი ან კონგრესმენი. ამ უწყებებში ქუჩიდან არავინ ხვდება. მათ გავლენებზეც კი არ აქვთ წარმოდგენა. ამათ რესპუბლიკელები და დემოკრატები წარმოუდგენიათ როგორც ნაცები და ქოცები.  ჰგონიათ სახელმწიფო ინტერესებს გადააყოლებენ ერთმანეთში კინკლაობას. კი არიან დაპირისპირებული, მაგრამ მათთვის მთავარი ამერიკაა და მერე ამერიკის პარტნიორები. ამ ამბავში ისინი თანხვედრაში არიან. ევროპარლამენტში ამ დღეებში ფაქტიურად გადაუარეს „ქართული ოცნების“ დელეგაციას. პირდაპირ უთხრეს რომ ქვეყანას ჰყავს პოლიტპატიმრები. სამწუხაროდ არ იყო ნახსენები ირაკლი ოქრუაშვილის გვარი.

– ეს თვალშისაცემი იყო. მისი გვარი იყო ძნელად გამოსათქმელი, თუ რატომ არ ახსენეს?

– არა მგონია რომ აქ გვარის რთულად გამოთქმა იყოს რამე შუაში. წინა ინტერვიუებშიც ვთქვი. რომ ოპოზიციას რაღაცნაირად უნდა ირაკლის თემის მიჩქმალვა. მისი ფიგურის მნიშვნელობის წარმოჩენა არ სურთ. სხვა თუ არაფერი ეს კაცი თავდაცვის ყოფილი მინისტრი იყო და რომც არ ყოფილიყო მინისტრი, ის ციხეში პოლიტიკური ნიშით ზის და მისი გვარი უნდა ეხსენებინათ. ჩვენი პარტია შექმნის პროცესში იყო ირაკლი რომ დაიჭირეს, ამის გამო ისე ვერ ჩამოვყალიბდით რომ დამოუკიდებლად გაგვეტანა მისი დაჭრის  ამბავი საერთაშორისო ასპარეზზე. ახლა ჩვენ ოპოზიციის ერთიანობაზე ვართ დამოკიდებული. ამ ოპოზიციას კიდევ არ უნდა ირაკლის სახელის ხსენება. უხერხულია როცა იმ ადამიანებს ახსენებენ, ვინც მხოლოდ დაკითხეს და დაკავებულზე ხმას არ იღებს.

– ევროპელები ტერმინს პოლიტპატიმარი იშვიათად ახსენებენ. ჩვენს შემთხვევას უკვე მეორედ ახსენეს ეს ტერმინი. არც ეს უნდა იყოს უმნიშვნელო ამბავი.

– როგორი უმნიშვნელოა ამას მალე ნახავენ. პოლიტპატიმრები იმ წერილშიც არის ნახსენები, რომელიც გახარიას ამერიკელმა კონგრესმენებმა მოსწერეს. უკვე ყველა ახსენებს რომ პოლიტპატიმრები ჰყავთ.

– მიშას დროსაც იყო ხალხი პოლიტიკური ნიშით დაკავებული, მაგრამ მაშინ საერთაშორისო თანამეგობრობა ასე არ აპელირებდა პოლიტპატრების თემაზე.

– საერთაშორისო ასპარეზზე ასეთი სუსტი პოზიციები შევარდნაძის ხელისუფლებასაც არ ჰქონია. ფაქტიურად ინგლისურის მცოდნეც კი არ ჰყავთ პარტიაში. ხო ხედავთ უკვე როგორ ხალხს უშვებენ დელეგაციებში. ვინ არის ეს კუჭავა, მის შესახებ არც ვიცოდით. ამათმა ევროპარლამენტში დელეგაციის ხელმძღვანელად გაუშვეს.

– კუჭავას რა უჭირს, კობახიძეს ვიცნობდით ყველა, პარლამენტის სპიკერი იყო. ის გასული წლის ბოლოს ამერიკელებთან დასალაპარაკებლად გააგზავნეს და მას შემდეგ გადაირია ვაშინგტონი, წერილს წერილზე აგზავნიან. ნეტა რა უთხრა ასეთი?

-ეტყობა რაღაც შესთავაზა კობახიძემ.  არ გამიკვირდება, რომ ამათ ამერიკელების მოქრთამვა ეცადათ. პირდაპირ ამას ვერ ეტყოდნენ, მაგრამ მიანიშნებდნენ -თქვენ მოქრთამულები ხართ მიშასგან და ჩვენ უფრო მეტს გადაგიხდით. ესენი ხომ თავისი საზომით უყურებენ ყველაფერს. მათმა ბიძინამ ხომ ასე იყიდა პოლიტიკური სპექტრი და ისინიც ვინც გადაიბირეს და დაავერბოვკეს. კონგრესმენებთანაც ეგ წინადადება ექნებოდათ. კონგრესმენებმა და ევროპარლამენტარებმა კიდევ ერთხელ ახსენეს ფეისბუქი. ეს არის არის უბრალო თემა. მხოლოდ რუსეთი, ჩინეთი და ვიეტნამი ახსენეს იმ კონტექსტში რომ ამ ქვეყნის ხელისუფლებები ტროლებს საკუთარი ხალხის მანიპულირებისთვის იყენებენ. ეს ძალიან ცუდია. ითქვა ისიც, რომ საქართველოში ადგილი აქვს ამერიკელი და ევროპელი ბიზნესმენების შევიწროებას. ეს ანგარიშებში აუცილებლად აისახება. ამერიკელები ანგარიშებს გია გაჩეჩილაძეს, დაჩი ბერაიას და სოფო კილაძეს კი არ აწერინებენ. ეს ძალიან ცუდად დამთავრდება. აშკარაა რომ „ოცნება“ საერთაშორისო იზოლაციისკენ მიდის. ირანელი სანქცირებული ბიზნესმენების და რუსეთის ამარა რჩებიან. ანაკლიის პორტის პროექტის ჩაგდება, რუსეთისთვის კოჭის გაგორებაა. მოკლედ დასავლეთს ზურგი აქციეს და მოსკოვისკენ მოემართებიან ჩქარი ნაბიჯით. დარწმუნებული ვარ რომ ამათ აგდებულ დამოკიდებულებას აუცილებლად მოჰყვება სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში. არ გამიკვირდება, რომ თვით დონალდ ტრამპმაც დატვიტოს რამე.

-არაა გასაკვირი, ეგაც კაი გიჟია

– გადარეულია. და მართლა დაწერს რაღაცას. ლიტვის პრეზიდენტმა პირდაპირ უთხრა გახარიას იმედგაცრუებული ვარ საქართველოში მიმდინარე მოვლენების გამოო. „ოცნება“ საერთაშორისო იზოლაციისკენ მიდის. ეს იზოლაცია მოკლავს ხელისუფლებას. დიდია იმის შანსი, რომ ამერიკამ ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესოს. ის კი არ არის ის ადამიანი. წინც საქართველოს თავის მილიარდებს გადააყოლებს.

შორენა მარსაგიშვილმა

banner
წინა სტატიაშისანდრო ბრეგაძე საპატრიარქოს მიმართავს
შემდეგი სტატიაგიორგი შარვაშიძე: სხვისი ნაშრომი არ მიმითვისებია, რადგან ეს დადგენილება საჯარო დოკუმენტია