გიორგი მუმლაძე, მარნეულში მასზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტის გამო, დაზარალებულად ცნობას მოითხოვს

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის რეგიონული ჯგუფის უფროსმა, მარნეულის ოლქის დამკვირვებელმა გიორგი მუმლაძემ, 29 სექტემბერს, მის მიმართ განხორციელებული თავდასხმის ფაქტის გამო, მარნეულის პროკურატურაში განცხადება შეიტანა და დაზარალებულად ცნობა მოითხოვა.

როგორც მუმლაძემ განაცხადა, ყველა თავდამსხმელი იდენტიფიცირებულია, თუმცა სამართალდამცველი ორგანოები არაფერს აკეთებენ მათ დასასჯელად.

„გამოკითხვაზე დავასახელე და პოლიციის მიერ ამოღებულ ვიდეოკადრებში ამოვიცანი ჩემზე თავდამსხმელები, მათ შორის, მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე და „ქართული ოცნების“ ადგილობრივი შტაბის უფროსი ამირან გიორგაძე. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს მტკიცებულებები და სამედიცინო დასკვნა, დღემდე არავინ დასჯილა. მოვითხოვე, პროკურატურამ მცნოს დაზარალებულად, რათა მქონდეს წვდომა საქმის მასალებზე და უფრო ეფექტურად ჩავერთო გამოძიების პროცესში.“- განაცხადა მუმლაძე.

გიორგი მუმლაძე, რომელიც მარნეულის საარჩევნო ოლქში სადამკვირვებლო მისიას ახორციელებს, 29 სექტემბერს შეესწრო ფაქტს, როცა „ქართული ოცნების“ აქტივისტები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სამ წარმომადგენელს თავს დაესხნენ. დამკვირვებელს აღნიშნული ფაქტის ტელეფონით დაფიქსირებაში ხელი შეუშალა „ქართული ოცნების“ მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარემ და „ქართული ოცნების“ ადგილობრივი შტაბის უფროსმა ამირან გიორგაძემ, რომელმაც ჯერ ტელეფონი ხელიდან გააგდებინა მუმლაძეს, ხოლო შემდეგ ფიზიკურად გაუსწორდა.

“სამოქალაქო პლატფორმა 20/20” ცესკოს მიერ რეგისტრირებულია როგორც ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია, რომელიც 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს და მიმდინარე საარჩევნო პროცესს აკვირდება.

banner
წინა სტატიაშიმარინა ენდელაძე : 38 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა
შემდეგი სტატიათბილისიდან აჭარაში მედიკოსთა ჯგუფი გაემგზავრა