გიორგი კვირიკაშვილი: 10 წელიწადში შესაძლებელია, რომ საქართველო აღმოსავლეთ ევროპულ სტანდარტს მიუახლოვდეს

საქართველოს ეკონომიკის ევროპულ სტარდარტებთან მიახლოებისთვის ქვეყანას რადიკალური რეფორმების გატარება ესაჭიროება – ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა სააგენტო როიტერსისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

საქართველოს პრემიერის თქმით, რეფორმები ითვალისწინებს საშემოსავლო გადასახადის გაუქმებას და ეკონომიკის ლიბერალიზაციას. ინტერვიუში გიორგი კვირიკაშვილმა ქვეყნის ევროატლანტიკურ მისწრაფებებსა და ირანთან თანამშრომლობის შესახებაც ილაპარაკა.

„ათ წელიწადში შესაძლებელი იქნება, რომ ეკონომიკით, შემოსავლებით, მთლიანი შიდა პროდუქტით და ეკონომიკის განვითარებით საქართველო აღმოსავლეთ ევროპულ სტანდარტს მიუახლოვდეს. ამისთვის, რა თქმა უნდა, საჭიროა რადიკალური რეფორმები და განვითარების რადიკალური დღის წესრიგი. ამიტომ მოვიფიქრეთ მოგების გადასახადის გაუქმება, საგადასახადო ადმინისტრირების გამარტივება და ჩვენი ეკონომიკის უფრო მეტად ლიბერალიზაცია.

ჩვენი გეგმები ნატოსა და ევროკავშირის მიმართ რუსეთის მიერ არ უნდა იყოს ჩათვლილი კონფრონტაციის ნიშნად. ვცდილობთ მივაწოდოთ რუს პოლიტიკოსებს ჩვენი გზავნილი, რომ საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწარაფებები არ არის რუსეთის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი. რაც შეეხება ირანს, ის მზადაა განიხილოს სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის საკითხი, ენერგოსექტორის ჩათვლით, რაც ენერგომომარაგების დივერსიფიკაციის კუთხით ასევე შეიძლება საინტერესო იყოს ევროპისთვის. საქართველოს შესანიშნავი გეოგრაფიული ადგილმდებარეობით შეუძლია ევროკავშირსა და ირანს შორის თანამშრომლობის პოტენციალი შესთავაზოს“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგიგი წერეთელი: შევარდნაძის პერიოდში ბევრი მუშაობდა, ზოგი აშავებდა, ზოგი არ აშავებდა
შემდეგი სტატიარა ხდება რეალურად „ენგურჰესის“ წყალსაცავში