გიორგი გახარია – ევროატლანტიკურ ინტეგრაციას ქვეყნის დემოკრატიზაციის განვითარების საფუძვლად მივიჩნევთ, სწორედ ამიტომ მივესალმებით აღმოსავლეთ პარტნიორობაში სომხეთის აქტიურ თანამშრომლობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საქართველოში ვიზიტით მყოფ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ, ნიკოლ ფაშინიანთან გაფართოებული შეხვედრის დროს დემოკრატიულ განვითარებასა და რეგიონში სტაბილურობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

გახარიას განცხადებით, სწორედ დემოკრატიული განვითარება და რეგიონში სტაბილურობა არის საფუძველი შემდგომი განვითარებისთვის როგორც ეკონომიკურ, ისე კულტურულ და განათლების სფეროებში.

„ჩვენი გეგმა შედეგია – ვსაუბრობთ ყველა იმ საკითხზე, რომელიც ჩვენ უკვე განვიხილეთ ვიზიტის დროს ერევანში. შემდგომ უკვე ვაკეთებთ ახალი საკითხების განხილვას, რომელიც მნიშვნელოვანია, როგორც ქართული, ისე სომხური მხარისთვის. მინდა, რამოდენიმე ასპექტს გავუსვა ხაზი. როგორც თქვენ ბრძანეთ, ჩვენი რეგიონისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნების დემოკრატიული განვითარება და რა თქმა უნდა, რეგიონში სტაბილურობა. ეს არის საფუძველი შემდგომი განვითარებისთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის, როგორც ეკონომიკურ, კულტურულ, განათლების სფეროებში და მიხარია, რომ ჩვენ რეგიონში არსებული ყველა სამწუხარო კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების მომხრეები ვართ“ ,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერის თქმით, საქართველოს ურყევი გადაწყვეტილებაა, ევროატლანტიკური ინტეგრაცია და დემოკრატიული განვითარების შემდგომი გაღრმავება.

„აქვე, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ურყევი გადაწყვეტილებაა, ევროატლანტიკური ინტეგრაცია და დემოკრატიული განვითარების შემდგომი გაღრმავება. გარდა იმისა, რომ ეს არის ჩვენი მოქალაქეების გადაწყვეტილება, ჩვენ ამ სახის განვითარებას მივიჩნევთ ქვეყნის დემოკრატიზაციის, უსაფრთხოების და შემდგომი ეკონომიკური განვითარების საფუძვლად. სწორედ ამიტომ ჩვენ მივესალმებით სომხეთის აღმოსავლეთ პარტნიორობაში აქტიურ თანამშრომლობას. როგორც თქვენ ბრძანეთ, ჩვენი ქვეყნების დემოკრატიზაციის პროცესი არის საფუძველი, როგორც უსაფრთხოების, ასევე ეკონომიკური განვითარების. დარწმუნებული ვარ, დღევანდელი ჩვენი შეხვედრაც იქნება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი დემოკრატიზაციის მიმართულებით საქართველოსა და სომხეთის ერთობლივი ნაბიჯებისა. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ბატონო პრემიერ-მინისტრო, მივესალმები თქვენს დელეგაციას და ხაზგასმით აღვნიშნავ, ჩვენ მოხარულები ვართ, გვქონდეს საშუალება, გიმასპინძლოთ თბილისში“ ,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს დელეგაციასთან ერთად სტუმრობს. ის საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მეორედ ჩამოვიდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სომხეთის პრემიერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დახვდა.

banner
წინა სტატიაშიკამპანიის – #ქალებიზრუნავენ ფარგლებში, ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვების დედებს, 3 მარტთან დაკავშირებით, საჩუქრები გადაეცათ
შემდეგი სტატიანიკოლ ფაშინიანი – საქართველოსთან ურთიერთობების განვითარება ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია