კამპანიის – #ქალებიზრუნავენ ფარგლებში, ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვების დედებს, 3 მარტთან დაკავშირებით, საჩუქრები გადაეცათ

ახალი ინიციატივის და კამპანიის – #ქალებიზრუნავენ ფარგლებში, ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვების დედებს, 3 მარტთან დაკავშირებით, საჩუქრები გადაეცათ.
მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს პაციენტების დედებსა და ბავშვებს, აგრეთვე, საქართველოში მყოფ იმ მშობლებს, რომლებიც ამ ეტაპზე კლინიკაში მკურნალობას არ გადიან, თუმცა მათი შვილები დაავადებას ებრძვიან საჩუქრები კომპანიებისგან: სააფთიაქო ქსელი ჯი-პი-სი, MINISO და ბიოქიმფარმისგან გადაეცათ.

ახალი ინიციატივა და აქცია – #ქალებიზრუნავენ ქალების მხრიდან ქალთა მიმართ სოლიდარობასა და მხარდაჭერას ემსახურება.
აქციის ორგანიზატორების თქმით, ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვების მშობლების მიმართ როგორც მატერიალური, ისე ფსიქო-ემოციური ფორმით თანადგომა უმნიშვნელოვანესი კომპონენტია იმ ბრძოლაში, რომელშიც ისინი ყოველდღიურ რეჟიმში იმყოფებიან.
„გვინდოდა, დედების დღეს ისეთი დედები გაგვეხარებინა, რომლებსაც დიდი ხანია დრო აღარ რჩებათ, საკუთარ თავებზე, როგორც ქალებზე იზრუნონ,“-აღნიშნა აქციის ორგანიზატორმა და Beauty Lab-ის დამფუძნებელმა ქეთა ბაღაშვილმა.
ახალი ინიციატივის – #ქალებიზრუნავენ ფარგლებში სხვადასხვა სახის აქციები მომავალშიც დაიგეგმება.
„მადლობას ვუხდი ქეთა ბაღაშვილს იდეისთვის – 3 მარტი მიგველოცა სწორედ იმ დედებისთვის, ვინც გვერდში დგომას და ყურადღებას ყველაზე მეტად საჭიროებენ. მე თავად გავიარე ეს გზა და ვიცი, თუ რა სირთულეებს უკავშირდება თითოეული წამი ამ ბრძოლაში.

ვიმედოვნებ, ამ აქციით მცირედი პოზიტივი მაინც შევიტანეთ ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვებისა და მშობლების ცხოვრებაში და გამოვხატეთ ჩვენი უდიდესი პატივისცემა მათ მიმართ. აგრეთვე, მადლობას ვუხდი იმ კომპანიებს, რომლებმაც გამოიჩინეს სოციალური პასუხისმგებლობა და მხარი დაუჭირეს კამპანიას“- აღნიშნა აქციის – #ქალებიზრუნავენ ფარგლებში საორგანიზაციო საკითხების მიმართულებით ორგანიზატორმა და ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვებისა და მომვლელებისთვის შექმნილი ჯგუფის Mamcology Georgia-ს დამფუძნებელმა ნინი მთვარაძემ.

banner
წინა სტატიაშინიკოლ ფაშინიანის ვიზიტი ხაზს უსვამს სომხეთ-საქართველოს მჭიდრო ურთიერთობის მნიშვნელობას – დავით ზალკალიანი
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია – ევროატლანტიკურ ინტეგრაციას ქვეყნის დემოკრატიზაციის განვითარების საფუძვლად მივიჩნევთ, სწორედ ამიტომ მივესალმებით აღმოსავლეთ პარტნიორობაში სომხეთის აქტიურ თანამშრომლობას