გიორგი გახარია – 2 მილიონმა ამომრჩეველმა განა მარტო ჩვენ და ოპოზიციას მისცა ხმა, მან ხმა მისცა იმას, რომ ქვეყნის პოლიტიკა უნდა კეთდებოდეს და წყდებოდეს პარლამენტში და არა – ქუჩაში

ერთპარტიული პარლამენტი ნებისმიერი ქვეყნისთვის, განვითარებული დემოკრატიული ქვეყნებისთვის არის პრობლემა; საუბარი იმაზე, გაუძლებთ?! ამორალურია; ჩვენი ვალდებულებაა, გავუძლოთ და თუ ვინმეს ჰგონია, რომ პარლამენტში არ შემოვა და ორიენტირებული იქნება დიალოგის ჩაშლაზე იმიტომ, რომ ვიღაც რაღაც გამოწვევებს ვერ გაუძლებს, ფუჭი იმედებია, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვას ოპოზიციის პარლამენტში არშესვლასთან დაკავშირებით.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, თითოეული ადამიანი ხელისუფლებიდან, პარლამენტიდან და ყველა მოქალაქე აცნობიერებს, რომ ამ ეკონომიკური გამოწვევების წინაშე და ასეთი ოპოზიციის პირობებში ხელისუფლება ვალდებული იქნება, ორმაგი პასუხისმგებლობა აიღოს საკუთარ თავზე.

„ჩვე ორჯერ უფრო მეტი უნდა ვიშრომოთ, ორჯერ უფრო მეტ ადამიანს გავცეთ პასუხი და მივაქციოთ ყურადღება. ეს არ არის ჩემი გადაწყვეტილება, ეს არ არის მათი გადაწყვეტილება, ეს არის საქართველოს მოქალაქის დავალება და ყველამ ნება უნდა იბოძოს და ეს პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. როდესაც საუბრობენ რაღაც წარმოუდგენელ სცენარებზე და იმედი აქვთ, რომ ეს წარმოუდგენელი სცენარები მათ რევოლუციურ განვითარებამდე მიიყვანენ, ეს ტყუილია და ტყუილად ელოდებიან. საქართველოს მოქალაქე, 2 მილიონი ადამიანი არჩევნებზე რომ მივიდა ხმის მისაცემად, განა მარტო ჩვენ და ოპოზიციას მისცა ხმა, მან ხმა მისცა იმას, რომ ქვეყნის პოლიტიკა უნდა კეთდებოდეს და წყდებოდეს პარლამენტში და არა ქუჩაში და ამ ქვეყანამ ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაივიწყოს და დარწმუნებული ვარ, უკვე დაივიწყა, როგორ კეთდება პოლიტიკა ქუჩაში. მეტსაც გეტყვით – რაც უფრო ნაკლებ პასუხისმგებლობას გამოიჩენს ოპოზიცია, ან მისი ნაწილი, მით უფრო მკაცრ შეფასებას მისცემს ამას ამომრჩეველი შემდეგ არჩევნებზე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

banner
წინა სტატიაშიგახარია: მცხეთაში მშენებლობასა და პრივატიზაციასთან დაკავშირებით დაწესებულ მორატორიუმზე დაბალანსებულ გადაწყვეტილებას მოვძებნით
შემდეგი სტატიათიბისი კაპიტალმა განახლებული მაკრო-სექტორული მიმოხილვა წარადგინა