გიგი უგულავა : „სტრასბურგის გადაწყვეტილება არის საქართველოს ხელისუფლების მიმართ გაწნული სილა“

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მხარდამჭერი აქცია-კონცერტი რუსთაველის გამზირზე დაიწყო. დედაქალაქის ყოფილმა მერმა, გიგი უგულავამ აქციის დაწყებამდე ტელეკომპანიის ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე გააკეთა კომენტარი:

„საფრთხე რა თქმა უნდა არ არის ამოწურული. პირველ რიგში, ეს იმ რეაქციებიდანაც ჩანს, რაც ხელისუფლების მაღალჩინოსნებს და ოცნების წარმომადგენლებს ჰქონდათ, ეს განსაკუთრებით კარგად იკითხება ევროპარლამენტარების მიმართ გაგზავნილ საპასუხო წერილში, პრემიერ-მინისტრის მხრიდან, სადაც თვალნათლივ ჩანს, რომ დღევანდელი ხელისუფლება საერთოდ ასტრალშია გასული, აღარც პულსზე უდევს ხელი, ვეღარც გრძნობს საზოგადოების წუხილს და არის თვითკმაყოფილების მორევში. ისეთ თვითკმაყოფილებაში, რომელსაც ლიტერატურულად თუ აღწერ , სხვანაირად უკვე დოკუმენტურ აღწერას აღარ ექვენმდებარება. მთავარი რაც არის ქართული საზოგადოებისთვის, სტრასბურგის ადამიანის უფლებების სასამართლოს გადაწყვეტილება იყო ძალიან მკაფიო სიგნალი, რომ არსებობს ინსტანცია, რომელსაც ივანიშვილის ფულით ვერ იყიდი. არსებობს ინსტანიცა, რომელსაც სუსი ვერ დააშინებს, არსებობს ინსტანცია, სადაც მოსამართლეები მოსამართლეები არიან და არა სიმულანტობით საავადმყოფოში წვებიან. ჩვენ დავინახეთ, რა არის რეალურად და რატომ უნდა იყოს საქართველო ევროპის ნაწილი.

ვიზალიბერალიზაცია ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა, მაგრამ ეს თითოეული მოქალაქისთვის მიღწევა და შესაძლებლობაა უვიზოდ წავიდეს და ნახოს ევროპული გერმანია, ევროპული საფრანგეთი, მაგრამ ეს გადაწყვეტილება იყო თუ რა მოაქვს ევროპას საქართველოსთვის, პირველ რიგში ის, რომ თუ გვეყოლება ჩვენ თავხედი ხელისუფლება, რომელიც ფეხქვეშ გათელავს ჩვენს კონსტიტუციას, ფეხქვეშ გათელავს ადამიანების უფლებების და თითოეული თქვენთაგანის ინტერესებს, ყოველთვის იარსებებს ინსტანცია, სადაც სამართალს იპოვი. ამ კუთხით, ეს არის აბსოლუტური შემობრუნება ჩვენი საზოგადოებისთვის. ეს არის მნიშნელოვანი სილა, გაწნული დღევანდელი ხელისუფლების მიმართ, რომელიც მთელი ამ 5 წლის განმავლობაში თვითკმაყოფილების მორევშია ჩაფლული. თუ მათ შეიგნეს და ეს სამარცხვინო პროგრამა სახელწოდებით ქიბარ ხალვაში, გვერდზე გადადეს, დაანებეს რუსთავი 2-ს თავი, მისცეს შესაძლებლობა ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის წარმოებისა, მენდეთ, მეგობრებო, თქვენვე იხეირებთ ამით, სხვა შემთხვევაში ეს ყოვლად სამარცხვინო ბრძოლა უკვე წააგეთ და თუ გაგრძელდება, ხელისუფლება გადაყვება, ეს არ მანაღვლებს, ჩემთვის მთავარია, ამას არ გადაყვეს საქართველოს საზოგადოება და ჩვენი ქვეყანა“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

banner
წინა სტატიაშიაქცია-კონცერტი “რუსთავი2”-ის მხარდასაჭერად-რუსთაველზე მოქალაქეები იკრიბებიან
შემდეგი სტატიასასწრაფოდ:რუსეთის საოკუპაციო ძალებმა შსს-ს თანამშრომელი გაიტაცეს