გიგი უგულავა : კახა კალაძეს ვურჩევდი, გამოვიდეს ჩემი ჩრდილიდან, ნუ მეტოლება

კახა კალაძე თუ რამეს კარგს გააკეთებს, გამიხარდება. უბრალოდ, რასაც აკეთებს, თბილისის მერისთვის შეუფერებელია, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თბილისის ყოფილმა მერმა, გიგი უგულავამ განაცხადა.

„კახა კალაძე, რიჟა (გიორგი კაპანაძე) არიან ერთი თავის ორი ფეხი. ისინი დღეს საზოგადოებას ატყუებენ. ერთმანეთის გამომრიცხავ რაღაცას ამბობენ. ჯერ ამბობენ, რა ვქნათ, სასამართლოს გადაწყვეტილებაა, მერე ამბობენ, რომ არ აშენდება. ალბათ ხვალ ისევ იტყვიან, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებაა. ვიმეორებ, სამართლებრივად სწორი რომ იყო ეს გადაწყვეტილება , იცის კალაძემაც და ეს დაადასტურა სასამართლომაც“, – აღნიშნა გიგი უგულავამ.

გიგი უგულავას თქმით, კახა კალაძეს აქვს სრული და ლეგალური შესაძლებლობა, არ განაახლოს ვაკის პარკში მშენებლობა, დაჯდეს ინვესტორთან ერთად მოლაპარაკების მაგიდასთან და გამონახოს საერთო ენა.

„მას აქვს ბევრი არგუმენტი, მათ შორის ახალი გენგეგმა, რომელსაც თვითონვე ლობირებს. ამიტომ, ყველა ეს საუბარი მისი მხრიდან არის თავის დაძვრენის მცდელობა. იმის ნაცვლად, გადადოს ყოველგვარი კინკლაობა და ვიფიქროთ გამოსავალზე, ზეპარტიული ფონდის ჩამოყალიბებაზე, რომელში ჩართვის საშუალება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს მიეცემა, მეც, მასაც. ვიმუშაოთ, ფული შევაგროვოთ. აქ ცალკე ესაუბროს ინვესტორს. ამის ნაცვლად, შანტაჟის ენით გვესაუბრება. არავის მივცემ უფლებასო, ძაან მეცინება მე. ეს არის, რაც ცხრა წლად მონათლეს. ამიტომ სასაცილოა. მე კალაძეს ვურჩევდი, რომ გამოვიდეს ჩემი ჩრდილიდან, ნუ მეზომება, ნუ მეტოლება. თუ რამეს კარგს გააკეთებს, გამიხარდება. უბრალოდ, რასაც აკეთებს, თბილისის მერისთვის შეუფერებელია. კალაძე რომ კორუფციაზე დაიწყებს ლაპარაკს, უბრალოდ სირცხვილია“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს განაცხადა, რომ სასტუმროს მშენებლობაზე გიგი უგულავას მიერ გაცემული ნებართვა არის ძალიან დიდი დანაშაული თბილისისა და თბილისელების წინაშე. ამასთან, კალაძის თქმით, „კორუმპირებული გიგი უგულავა ნათელი მაგალითია, როგორი არ უნდა იყოს ქალაქის მერი“.

banner
წინა სტატიაშიშოთა ხაბარელი : ძალადობა მიუღებელია ნებისმიერ სფეროში, მით უმეტეს სპორტში
შემდეგი სტატიამურუსიძე: როდესაც 2013 წელს იუსტიციის საბჭოს მდივნად ვინიშნებოდი, არავის გახსენებია გირგვლიანი