შოთა ხაბარელი : ძალადობა მიუღებელია ნებისმიერ სფეროში, მით უმეტეს სპორტში

ძალადობა მიუღებელია ნებისმიერ სფეროში, მით უმეტეს სპორტში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შოთა ხაბარელმა ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძესა და სპორტსმენ ზურაბ დათუნაშვილს შორის 11 იანვარს მომხდარი ინციდენტის კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, საკითხი ძირეულად შესასწავლია და ამ პროცესში აუცილებელია სპორტის სამინისტრის პოზიციის დაფიქსირება. შოთა ხაბარელს მიაჩნია, რომ ყველაფერს საკუთარი სახელი უნდა დაერქვას, რათა მსგავს ფაქტებს მომავალში ჯაჭვური რეაქცია არ მოჰყვეს.

„თავიდან ბოლომდე უნდა იყოს შესწავლილი, თორემ ამას აქვს ჯაჭვური რეაქცია. იყო ძიუდოში, ახლა მოხდა ჭიდაობაში. არავინ იცის, შემდეგ რა მოხდება სხვა ფედერაციებში. ვფიქრობ, სამინისტრომ, გარკვეულწილად თავისი აზრი უნდა დააფიქსიროს და შედეგი უნდა დადოს, მაგრამ შედეგს ვერ ვხედავთ, სამწუხაროდ. მისახედია, ძალიან მკაცრად არის სამინისტრის ჩარევა საჭირო. ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას“, – აცხადებს შოთა ხაბარელი.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის განმარტებით, მომავალში მსგავს ინციდენტებს რომ არ ჰქონდეს ადგილი, აუცილებელია, საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება, რომელიც საგაზაფხულო სესიისთვის უკვე მზადდება.

„იქნება მკაცრი და სიღრმისეული მსჯელობა, რათა კანონში იყოს მკაცრად გაწერილი ის დისციპლინა, რომელიც დაარეგულირებს სპორტში სიტუაციას. ეს აუცილებლად გასაკეთებელია და დაგვიანებულიც არის“, – აცხადებს შოთა ხაბარელი.

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. ის სპორტის სასახლეში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით 22 იანვარს დააკავეს.

შსს-ს ცნობით, გეგა გეგეშიძე დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ძალადობას გულისხმობს.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საქმის ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად აქტიური საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. ასევე, ინფორმაციის ნებაყოფლობით მოწოდებაზე უარის თქმის გამო, კონფლიქტის შემსწრე პირები დაიკითხნენ მაგისტრატ მოსამართლესთან. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 11 იანვარს, სპორტის სასახლეში მომხდარი დაპირისპირებისას, თამაზ გეგეშიძემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სპორტსმენ ზურაბ დათუნაშვილს. შინაგან საქმეთა სამინისტროში სპორტის სასახლეში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 239-ე მუხლებით გრძელდება“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიკალაძე: უგულავა მინაბული თვალებით ბოდიშს იხდის ჩემს გამოთქმებზე და არა თავის შეცდომებზე
შემდეგი სტატიაგიგი უგულავა : კახა კალაძეს ვურჩევდი, გამოვიდეს ჩემი ჩრდილიდან, ნუ მეტოლება