გიგი ხოჯევანიშვილმა პარტია „საქართველოსთვის“ პროგრამული ხედვების მიხედვით პარლამენტში 2 საკანონმდებლო ინიციატივა დააანონსა

პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა გიგი ხოჯევანიშვილმა პარტიის პროგრამის მიხედვით კონკრეტული საკანონმდებლო ინიციატივების წარდგენა დააანონსა.

,,მოგეხსენებათ, რომ ჩვენ წარვადგინეთ პროგრამა -ჩვენი ხედვები. მათ შორის ერთ-ერთი მიმართულება არის ახალი რეგიონული პოლიტიკა, რათა მივიღოთ მეტად დეცენტრალიზებული თვითმმართველობა, ეფექტურად მოხდეს რეგიონებში – მუნიციპალიტეტებში არსებული პრობლემების ეფექტურად გადაჭრა. ამის პარალელურად რა თქმა უნდა, სახელმწიფომ უნდა იზრუნოს იმ რისკების მინიმალიზაციისთვის რომელიც თან ახლავს აღნიშნულ პროცესს, ვგულისხმობ კორუფციულ და სხვა რისკების შემცირებას. ამ მიმართულებით ჩვენ გვაქვს ამ ეტაპზე 2 კონკრეტული საკანონმდებლო ინიციატივა, რომელითაც უახლოეს დღეებში მივმართავთ პარლამენტს, ეს არის,

პირველი – სახალხო ბიუჯეტირება. ეს გულისხმობს სოფლის, დაბის, ქალაქის მოსახლეობისთვის – ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმას, რომელიც უზრუნველყოფს პირდაპირ და უფრო აქტიურ ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში. საკანონმდებლო ინიციატივით თითოეულ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გარკვეული თანხის – ბიუჯეტის გარკვეული პროცენტის ალოკაცია მოხდება ამ პროგრამაზე – სახალხო ბიუჯეტირებაზე და მოსახლეობამ თვითონ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, თუ რა არის მათთვის პრიორიტეტული, რა მიმართულება არის ამა თუ იმ დაბისთვის, სოფლისთვის თუ ქალაქისთვის ნომერ პირველი გამოწვევა და რა მიმართულებაზე სურთ დაიხარჯოს თანხა.“- განაცხადა ხოჯევანიშვილმა.

ხოჯევანიშვილის გაჟღერებული მეორე ინიციატივა მუნიციპალიტეტებში არსებული სახელმწიფო ქონების განკარგვას ეხება.

,, მეორე ინიციატივაც მნიშვნელოვანია, საკითხზე რომელიც ჩვენს მოსახლეობას აწუხებს – ეს არის რეგიონებში გაფანტული სახელმწიფო ქონება, რომელსაც არანაირი ფუნქცია არ აქვს. ეს არის ყბადაღებული საკითხი, რომელიც წლების განმავლობაში ვერ მოგვარდა – ამ თვალსაზრისით ჩვენ ვიხელმძღვანელეთ ევროპული პრაქტიკით, როდესაც წლების განმავლობაში არ არის ესა თუ ის ქონება დატვირთული და იმის ფონზე, რომ თან წარმოადგენს უსახურ შენობებს, თან წარმოადგენს ისეთ ქონებას, რომლის რეალიზების შემთხვევაში შეიძლება დამატებითი ღირებულება შეიქმნას. ამიტომ, ეს არის კიდევ ის ინიციატივა, რომელიც იმედი მაქვს, მხარდაჭერილი იქნება და რეგიონების ინტერესებზე იქნება მორგებული.’’ – ამბობს ხოჯევანიშვილი

banner
წინა სტატიაშიანა დოლიძე „ლიბერთი ბანკის“ მიერ დაზარალებული პენსიონერებისთვის საკომპენსაციო სახელმწიფო ფონდის შექმნის ინიციატივას აყენებს
შემდეგი სტატიარუსლან აბაშიძე რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა