გიგა ბოკერია კახა კალაძის განცხადებას უტიფარს უწოდებს

გიგა ბოკერია საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს„ევროპული საქართველოს“ წევრი დეპუტატი გიგა ბოკერია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებას უტიფარს უწოდებს.

გიგა ბოკერიას განცხადებით, მომხდარი უშუალოდ პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის პასუხისმგებლობაა.

„კიდევ ერთი აბსოლუტურად უტიფარი განცხადება მოვისმინეთ ივანიშვილის გუნდისგან, ამჯერად, კახა კალაძის სახელით. ამ სამარცხვინო ნაბიჯების შემდეგ, რომელიც დაიწყო იმით, რომ „ევროპული საქართველოს“, საზოგადოების და მთლიანად ოპოზიციის გაფრთხილების მიუხედავად, შემოუშვეს საქართველოში, ჩაატარებინეს ეს რუსული პროპაგანდის სპეცოპერაცია ამ კონფერენციის სახით, ხოლო დღეს სრულიად საქართველოს შეურაცხყოფა მიაყენეს, როდესაც ოკუპანტი დასვეს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში და პარლამენტის შენობა მისცეს, ახლა ნახეს საზოგადოების განრისხება და ყველაფერი გრძელდება იმით, რომ ბოდიშს ვიხდითო და პოლიტიკურ პასუხისმგებლობას არ აკისრებენ კობახიძესაც კი, რომლის უშუალო პასუხისმგებლობა იყო სიმბოლურად, მაგრამ ამ სამარცხვინო ბოლო აქტის არ დაშვება“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მისი თქმით, ყველაფერი ბიძინა ივანიშვილისგან მოდის.

„ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის აბსოლუტურად ნათელია, რომ კობახიძეში არ არის საქმე. ეს ყველაფერი მოდის ივანიშვილისგან და მთელი იმ გუნდისგან, რომლის პოლიტიკური ხედვა და ნაბიჯები არის საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო, საზიანო და სახიფათო, მაგრამ არსებობს პირდაპირი პასუხისმგებლობა. პარლამენტის თავმჯდომარე, რომელმაც იცოდა ამის შესახებ, როდესაც ვაფრთხილებდით არაფორმალურად და საჯაროდ, როდესაც გიორგი კანდელაკმა პირველი ბრიფინგი მოაწყო და სია შეისწავლა, ვინც ჩამოდიოდა, მაგრამ ყური არ შეიბერტყა, უტიფარ განცხადებებს აკეთებდა ქუცნაშვილთან ერთად, თურმე, ეს ყველაფერი არის კარგი ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ დაგვცინოდა, როგორც ოპონენტებს და მერე დაუშვა პარლამენტში, ჩვენთვის კონსტიტუციურად ძალიან მნიშვნელოვან ადგილას ოკუპანტის თავმჯდომარეობით სხდომის წაყვანა. იმის გადაყენებაც არ უნდათ. ეს არის დამოკიდებულება, რასაც ვხედავთ ივანიშვილის გუნდისგან“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

დეპუტატის განცხადებით, ამას საზოგადოებამ მშვიდობიანი და მკაცრი პასუხი უნდა გასცეს.

„ჩვენ ყველა დემოკრატიულ რესურსს გამოვიყენებთ. რაც შეეხება აქციას, ეს არ არის პარტიული აქცია, ეს არის საზოგადოებრივი პროტესტი და ეს პროტესტი უნდა გაგრძელდეს. ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის მხოლოდ. მე მხოლოდ ერთი რიგითი მოქალაქე ვარ. საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს ივანიშვილის და მისი პოლიტიკური გუნდის ჩამოშორებით ხელისუფლებიდან, მაგრამ მანამდე, თითოეულ ასეთ ჯერზე, მაქსიმალური პოლიტიკური ფასი უნდა დავუჯინოთ. რა თქმა უნდა, მშვიდობიანად“, – განაცხადა ბოკერიამ.

მისი თქმით, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ თანამდებობა უნდა დატოვოს.

„პირდაპირი პასუხისმგებლობა არის კობახიძეზე. პირველ რიგში მან უნდა დატოვოს თანამდებობა. თუ არ დატოვა, კიდევ უფრო მეტი ფასი დაუჯდებათ მათ და საბოლოო ჯამში, წააგებენ იმ არჩევნებს ქართველი ხალხის ნებით“, – განაცხადა დეპუტატმა.

მისი თქმით, აქციაზე მშვიდობიანი ხალხია შეკრებილი, რომლებიც გაბრაზებული არიან,

„აქამდე ყველა საპროტესტო აქცია, რომელსაც პროდასავლური საზოგადოება აწყობდა, ფაშისტებისგან განსხვავებით, იყო კანონის ჩარჩოებში. არ მახსოვს სხვა შემთხვევა. აქ არის მშვიდობიანი ხალხი შეკრებილი, რომელიც უბრალოდ გაბრაზებულია. ჩემი მოწოდება ძალიან მკაფიოა, როგორც ერთი მოქალაქის, რომ ყველა ასეთ სამარცხვინო ნაბიჯს უნდა ვუპასუხოთ მკვეთრი, მაგრამ მშვიდობიანი პროტესტით. ახლა უნდა გადადგეს კობახიძე, თუ არ გადადგება, კიდევ უფრო ძვირი ფასი უნდა დავუჯინოთ და საბოლოო მიზანი არის ივანიშვილის ხელისუფლების ჩამოცილება მშვიდობიანი გზით“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

 

banner
წინა სტატიაშიმიხელ სააკაშვილი: ყველა ოპოზიციური ძალა უნდა გაერთიანდეს
შემდეგი სტატიაკარასინი: აღშფოთებას გამოვხატავთ საქართველოს რადიკალური პოლიტიკური ძალების მოქმედებების გამო