გავრილოვი საქართველოში ივანიშვილთან შესახვედრად ჩამოვიდა?

20-21 ივნისის სისხლიან მოვლენებს თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ გავრილოვის ღამე. სწორედ რუსი დეპუტატის გამო დაიღვარა რუსთაველზე ამდენი სისხლი.
საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ქართველებს სისხლიანი ღამე რუსების საამებლად მოაწყო. დარბევის მეორე დღეს მოსკოვში გაკეთებულმა განცხადებებმა დაადასტურა, რომ “ოცნება” მათთვის გაისარჯა.
კრემლი კვლავ უკმაყოფილოა. რუსი ჩინოსნები ისეთ განცხადებებს აკეთებენ, რომ საქართველო უკვე თავისი პროვინცია ჰგონიათ. წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთის პრეზიდენტს თბილისის მოვლენებთან დაკავშირებით უშიშროების საბჭოს სხდომა არ უნდა მოეწვია. არც დუმას უნდა მოეთხოვა თბილისის სისხლიანი მოვლენების გამოძიებაში ჩართვა.

მართალია, საქართველოს ხელისუფლებამ რუსების დასაოკებლად სისხლი დაღვარა, მაგრამ მოსკოვი მაინც უკმაყოფილოა. დუმა ჩვენს დასჯას მოითხოვს, იქაური კანონმდებლები აცხადებენ, რომ რუსეთმა ქართულ კურორტებს და პროდუქციას ბოიკოტი უნდა გამოუცხადოს.
კრემლი საქართველოს ყურადღებას არასდროს აკლებდა, მაგრამ ახლა ძალიან საეჭვოდ გაიგიჟეს თავი. ეს მარტო იმის ბრალი არ არის, რომ სერგეი გავრილოვი, სხვა დეპუტატებთან ერთად, საქართველოდან გამოიქცა. მოსკოვში უარესებიც გაუტარებიათ.
“ქართულ ოცნებასთან” დაახლოებული წყარო “ახალ თაობასთან” საუბარში ამბობს, რომ გავრილოვის საქართველოში ვიზიტი მხოლოდ ავადსახსენებელ ასამბლეას არ უკავშირდება. მას მოსკოვიდან ბიძინა ივანიშვილისთვის გზავნილი ჰქონდა ჩამოტანილი და ამის შესახებ მისთვის პირადად უნდა ეთქვა.

საუბარია აფხაზეთის რკინიგზის გახსნაზე. რომლის ამოქმედებასაც მოსკოვი და ერევანი დიდი ხანია ითხოვენ.
ბოლო დროს ამ თემაზე რაღაც დაახლოება მოხდა და, როგორც ამბობენ, ამის გამო დაეძაბა თბილისს ბაქოსთან ურთიერთობა. ამ რკინიგზის ამოქმედებას ამერიკაც ეწინააღმდეგება. ივანიშვილის კი ამერიკის წინააღმდეგ წასვლა არ სურს, ისევე, როგორც რუსეთთან საქმის გაფუჭება.
“ოცნებასთან” დაახლოებული წყარო ამბობს, რომ ივანიშვილმა ქვეშევრდომებს მოსთხოვა, როგორმე მისი და გავრილოვის შეხვედრა არ შემდგარიყო. წყაროს ინფორმაციითვე, ოპოზიციას რომც არ აეტეხა ამბავი რუსი დეპუტატის საქართველოს პარლამენტის სპიკერის სავარძელში ჩაჯდომაზე, ამაზე “ოცნება” გადაირეოდა. ხელისუფლება გადაირია კიდევაც და ისეთი განცხადებები გააკეთეს, კაცი იფიქრებდა, ცოტა ხანში რუსეთს ომსაც გამოუცხადებდნენ.

ამ ფონზე მოსკოვიდან ჩამოსული დელეგაცია იძულებული გახდა, საქართველო ივანიშვილის მონახულების გარეშე დაეტოვებინა. მოლაპარაკებები არ შედგა და ალბათ ამიტომ გაცოფდნენ ასე საშინლად რუსეთში. ამიტომ ითხოვენ აქციის მონაწილეების დასჯასაც.
“ოცნების” ლიდერს არც მოსკოვთან უნდა ურთიერთობის გაფუჭება და ამიტომაც სამაგალითოდ დაისაჯნენ აქციის მონაწილეები. ზოგს თვალები დასთხარეს, ზოგს ძვლები დაუმტვრიეს, ზოგსაც ფილტვი გაუხვრიტეს.

მოსკოვში გაკეთებული განცხადებებით თუ ვიმსჯელებთ, მათთვის გავრილოვის ღამე საკმარისი არაა. კრემლი უფრო მეტს ითხოვს. ის, რაც საქართველოს ხელისუფლებისთვის ძალის პროპორციული გამოყენებაა, ხოლო რუსეთისთვის ლაითი სასჯელი, დასავლეთისთვის არადემოკრატიული ქმედება აღმოჩნდა. ამის გამო ივანიშვილმა დასავლეთიდან სერიოზული გაფრთხილება მიიღო.
ხელისუფლებასთან დაახლოებული წყარო “ახალ თაობასთან” საუბარში ამბობს, რომ 21 მაისს ივანიშვილს ბევრ სატელეფონო ზარზე მოუწია პასუხის გაცემა. მას ამერიკელი სტუმრებიც ესტუმრნენ და მასთან საკმაოდ მძიმე საუბარიც გამართეს.
როგორც ჩვენი წყარო ყვება, ამერიკელებმა ივანიშვილი გავრილოვის ღამის მოწყობის გამო გვარიანად ჩააქვესკნელეს და პოლიტიკიდან წასვლა მოსთხოვეს. ამის სანაცვლოდ კი უსაფრთხოების გარანტიებს დაპირდნენ.
იმისთვის, რომ ოლიგარქი უსაფრთხოდ იყოს, საქართველოში ვადამდელი არჩევნები უნდა ჩატარდეს. ამის გარდა ხელისუფლებას მაჟორიტარული სისტემის გაუქმებაც მოუწევს.

ივანიშვილი ვადამდელს დათანხმდა, მაჟორიტარულის გაუქმებაზე კი მოლაპარაკებები ისევ მიმდინარეობს.
ამ მოლაპარაკებების შედეგი იყო ისიც, რომ ირაკლი კობახიძე პარლამენტის სპიკერობიდან გაუშვეს. გაშვებასაც გაშვება ჰქვია, ამხელა ფილარმონია კაცი ისე გადააყენეს, განცხადების გაკეთების უფლებაც კი არ მისცეს.
ხანდახან ცხოვრებას ძალიან უყვარს სიურპრიზები. როდესაც პრემიერის პოსტზე მყოფ ღარიბაშვილს ივანიშვილის დანაბარები გადასცეს, ამ საღამოს პოსტიდან უნდა გადადგეო, ირაკლი კობახიძე ძალიან ბედნიერი იყო. ისინი თავიდანვე ვერ იტანდნენ ერთმანეთს.
ღარიბაშვილის წასვლის შემდეგ კობახიძემ პარტიაში ფრთები გაშალა და პარლამენტის თავმჯდომარედაც კი მოგვევლინა. დაახლოებით 2,5 წლის შემდეგ ის ქვეყნის მმართველმა გადააყენა, თან ისე, რომ კრინტის დაძვრის უფლებაც არ მისცა.
მისგან განსხვავებით, ღარიბაშვილმა განცხადება თავად გააკეთა.

 

შორენა მარსაგიშვილი

banner
წინა სტატიაშითითქმის ყველა ჩვენი შს მინისტრი მოხვდა ციხეში, ეს ტრადიცია გახარიაზე არ დამთავრდება
შემდეგი სტატიააქციაზე გიორგი უშიკიშვილმა იმღერა [ვიდეო]