გარდაცვლილი მოზარდის ოჯახის წევრები რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ექიმებს ადანაშაულებენ

გარდაცვლილი მოზარდის ემილ ისმაილოვის ოჯახის წევრებმა და თანასოფლელებმა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპანახჩში საპროტესტო აქცია გამართეს. ოჯახის წევრები 16 წლის ბიჭის გარდაცვალებაში რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ექიმებს ადანაშაულებენ. მათი განცხადებით, ბიჭი მამასთან ერთად 3 ნოემბერს ქორწილში იყო და ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მხრის მოტეხილობა მიიღო. საავადმყოფოში ბავშვი მამამ მიიყვანა, ოპერაცია ჩაუტარდა, რამდენიმე საათში კი გარდაიცვალა.

ისმაილოვის ოჯახის წევრების მტკიცებით, ოპერაციის დროს ექიმებმა შეცდომა დაუშვეს, რაც ახალგაზრდის გარდაცვალების მიზეზი გახდა. აქციის მონაწილეები გამოძიების დროულად დასრულებას და დამნაშავის დასჯას მოითხოვენ.

 

„ემილ ისმაილოვი საავადმყოფოში 3 ნოემბერს შემოიყვანეს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიღებული ტრავმით, მას მხრის მოტეხილობა აღენიშნებოდა. ახალგაზრდას ჩაუტარდა ოპერაცია და პოსტოპერაციულ პერიოდში აღენიშნა გულის გაჩერება, სამწუხაროდ, გულის მუშაობის აღდგენა ვერ მოხერხდა და ის გარდაიცვალა. მიცვალებული გადაასვენეს პროზექტურაში, როგორც ვიცით, ჩატარდა ექსპერტიზა. სამწუხაროდ, ჩვენ ექსპერტიზის შედეგს არავინ გვეუბნება. ჩვენი თანამშრომლები – ექიმი და მედპერსონალი დაიკითხა გამომძიებლის მიერ, წაიღეს ისტორია და მთელი დოკუმენტაცია რაც ამ კონკრეტულ პაციენტს შეეხებოდა. დანარჩენს ვერაფერს გეტყვით თუ რამ გამოიწვია ეს ფატალური შედეგი“, – განაცხადა ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილე დავით გოგოძემ .

ამ ეტაპზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. უწყების ინფორმაციით, ელოდებიან ექსპერტიზის პასუხს, რომელმაც უნდა დაადგინოს ისმაილოვის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი და შემდეგ ექსპერტიზის პასუხის შესაბამისად იმოქმედებს გამოძიება.

banner
წინა სტატიაში“მოღალატე “რუსთავი2″ აცოცხლებთ ნაციონალების სექტას, რომელიც თავს მოგვახვია უცხოეთის სპეცსამსახურებმა”
შემდეგი სტატიარომან გოცირიძე – ნიკა მელიას ქალბატონი თავს დაესხა, კიდევ კარგი, საათი ესროლა და არა ქოში