გადმომაბარონ უფლებამოსილება და მთლიანად დავალაგებ საკითხს, კანდიდატის სტატუსსაც მივიღებთ და ზელენსკის ვათქმევინებთ, რომ ჩვენთან ერთად, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიეცითო – ვაშაძე

ეს არის ანტიუკრაინული კამპანიის შედეგი, რომელიც საქართველოს მთავრობამ აწარმოა ომის დაწყების დღიდან, – ასე გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე უკრაინის ვიცე-პრემიერის ოლგა სტეფანიშინას განცხადებას, რომლის მიხედვით, უკრაინის ვიცე-პრემიერი სტატუსთან დაკავშირებით უკრაინის საკითხის ცალკე განხილვას ითხოვს.

საუბარია განცხადებაზე, სადაც ოლგა სტეფანიშინა ამბობს: „სტატუსის მინიჭებაზე უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ერთ კალათაში მოქცევა ზრდის გაურკვევლობას და არის დამატებითი მოწოდება სკეპტიკოსებისთვის, რომ თქვან „არა“.

გიორგი ვაშაძის თქმით, უკრაინას თავისი სტრატეგია აქვს.

„აბა, რას იზამდნენ გუშინდელი რეზოლუციის შემდეგ. რას იზამდნენ იმ დამოკიდებულების შემდეგ, ომის დაწყების დღიდან საქართველოს მთავრობა არის ანტიზელენსკი, ანტიუკრაინულ, ანტიდასავლურ, ანტიამერიკულ კამპანიაში ჩართული. 300 ათასი დოლარი დახარჯეს მარტო „ფეისბუქში“ ამ კამპანიაში. ახლა რა გინდათ, ამ ადამიანებმა თქვან, რომ არა, ჩვენთან ერთად. უკრაინას თავისი სტრატეგია აქვს. სამწუხაროდ, ეს არის ანტიუკრაინული კამპანიის შედეგი, რომელიც საქართველოს მთავრობამ აწარმოა ომის დაწყების დღიდან. მე პრემიერ ღარიბაშვილის ადგილზე ყოველ თვეში ორჯერ ჩავიდოდი კიევში და მათთან ერთად მხარდამხარ ვიქნობოდი ჩაბმული დიპლომატიურ სამუშაოში როგორც უკრაინის, ასევე საქართველოს მხარდაჭერისთვის. ასეთ შემთხვევაში, დამერწმუნეთ, კითხვაც კი არ დაისმებოდა, რატომ უნდა მიეცეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ყოველგვარი პირობების გარეშე, მაგრამ მათ აირჩიეს საპირისპირო გზა. მათ აირჩიეს ზელენსკიზე თავდასხმისა და ანტიუკრაინული გზა. „ქართულმა ოცნებამ“ აირჩია ანტიდასავლური კამპანია, ევროპარლამენტარებზე შეტევის განხორციელება. სენატორების, კონგრესმენების მტრებად გამოცხადება და დასავლეთის ომის დაწყებაში დადანაშაულება. ამ ვითარებაში რას ელოდებით, რომ კიდევ უკრაინამ თქვას, რომ არა, საქართველო ჩემთან ერთად. ძალიან ცუდია, ძალიან ვწუხვარ. ახლა შესაძლებლობა რომ მომეცემა, ორი კვირა ხომ არის დარჩენილი, გადმომაბარონ უფლებამოსილება და მთლიანად დავალაგებ ამ საკითხს როგორც უკრაინასთან, ისე ბრიუსელთან და ვაშინგტონთან. კანდიდატის სტატუსსაც მივიღებთ და უკრაინა თვითონ იტყვის, ზელენსკის პირდაპირ ვათქმევინებთ, რომ ჩვენთან ერთად საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიეცითო. ამ ორ კვირაშიც შესაძლებელია ამის გაკეთება. ვითხოვ, სამივეს მიმართ ევროკავშირმა თანაბარი მიდგომა გამოიყენოს. როგორც უკრაინას, ისე საქართველოს ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშიდანია და ნიდერლანდები უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ეწინააღმდეგებიან
შემდეგი სტატიაპოლიციამ ბათუმში “საქართველოს ბანკზე” ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია 1 პირი