თავისუფალი დემოკრატების მოთხოვნაზე, ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმის საქმეზე მუხლის გადაკვალიფიცირების შესახებ უმრავლესობაში აცხადებენ, რომ დამატებით განცხადებებს გააკეთებენ იმ შემთხვევაში, თუ საქმის მასალებს გაეცნობიან.
„მოხდა ძალიან საზარელი და გაუგონარი რამ. მიმდინარეობს გამოძიება და ვიმედოვნებ, რომ გამოძიება დაადგენს რა მოხდა, ვინ ჩაიდინა ეს საზარელი ამბავი და სათანადო დასკვნებს გამოიტანს. ბევრი ლაპარაკი ამ თემაზე არ არის საჭირო, ვინაიდან მიმდინარეობს ძალიან დელიკატური ხასიათის გამოძიება. დავაცადოთ გამოძიება და შემდეგ გამოვიტანოთ დასკვნა,“ – აცხადებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე.
საპარლამენტო უმცირესობა კი ქვეყანაში მძიმე კრიმინოგენულ ვითარებაზე საუბრობს.
“გადაკვალიფიცირება რომ სჭირდება ამ საქმეს ეს თვალსაჩინოა ისეთი დაზიანებები აქვს ალექსი პეტრიაშვილს მიღებული. ის, რაც მოხდა საგანგაშოა და როგორც ჩანს, სერიოზულ გამოძიებას არავინ აპირებს, ცხელ კვალზე არაფერი ხდება. ევროპის თუ ამერიკის პოლიტიკურ ცენტრებში არ დაიწყებენ იმის გარჩევას რა იყო მიზეზი, ფაქტია, რომ ქვეყანაში სრული უკონტროლობა მყარდება,“ – აღნიშნა ნაციონალური მოძრაობის წევრმა დავით დარჩიაშვილმა.
თავისუფალი დემოკრატები მუხლის გადაკვალიფიცირებას და მკვლელობის მცდელობად შეცვლას ითხოვენ. პარტიის ლიდერები პასუხის მოლოდინში არიან.
ჰყავს თუ არა გამოძიებას სავარაუდო ეჭვმიტანილი და რა ეტაპზეა გამოძიება – ირაკლი ალასანია და მისი თანაგუნდელები ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმის საქმეზე ახალ დეტალებს ელოდებიან. თავისუფალი დემოკრატები პრემიერთან შეხვედრას ითხოვენ.