,,ევროპული საქართველო“ ზუგდიდში კიდევ ერთმა წევრმა დათა არახამიამ დატოვა

პარტია „ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის ორგანიზაცია კიდევ ერთმა წევრმა დატოვა. ირაკლი ღურწკაიას შემდეგ „ევროპულ საქართველოს“ დათა არახამია გაემიჯნა. არახამიას აღნიშნულ თემაზე ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.

რაც შეეხება “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთ ლიდერს, ზუგდიდის საკრებულოს წევრს, ირაკლი ღურწკაიას მან პარტია 10 ნოემბერს დატოვა. მისი თქმით მხარს ვერ დაუჭერს იმ ძალას, რომელიც აპირებს ახალაიებისა და სხვა მაღალჩინოსნების შეწყალებას. როგორც ღურწკაიამ განაცხადა მასზე არანაირი სახის ზეწოლა არ განხორციელებულა და ეს გადაწყვეტილება თავად მიიღო. „ჩემთვის ცნობილი იყო, რომ „ევროპულ საქართველოს“ არანაირი კავშირი აღარ ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობასთან“, მაგრამ ყველაფერს ფარდა აეხადა. ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის მიუღებელია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად მუშაობა და ვტოვებთ „ევროპულ საქართველოს“. ეს არის ჩემი და ჩემი მეგობრების გადაწყვეტილება. ჩემთვის მიუღებელია იმ ძალის მხარდაჭერა, რომელიც ახალაიების, ქარდავების და სხვა მაღალჩნოსნების შეწყალებას აპირებს“, – აცხადებს ირაკლი ღურწკაია.

დღეს კი ცნობილი გახდა, რომ “ევროპული საქართველოს” ვარკეთილის ორგანიზაციამ პარტია სრული შემადგენლობით დატოვა.გავრცელებული ინფორმაციით გუნდის ყოფილი წევრების პარტიის დატოვების მიზეზი, არჩევნების მეორე ტურისთვის “ნაციონალური მოძრაობის” პრეზიდენტობის კანდიდატისთვის მხარდაჭერის გამოცხადება გახდა. ორგანიზაციის ყოფილი თავმჯდომარის, აკაკი ველთაურის თქმით, ის და მისი გუნდი, თავს მოტყუებულად გრძნობენ, რადგან “ევროპულმა საქართველომ” ზედა ეშელონებში მიიღო გადაწყვეტილება და გუნდის წევრებთან არ გაიარა კონსულტაცია.

„ევროპული საქართველოს“ გორის ორგანიზაციის ერთ-ერთმა ლიდერმა და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა – ზვიად საბანაძემ, ამავე პარტიის ათამდე სხვა აქტივისტთან ერთად, „ევროპული საქართველოს“ რიგები გასულ კვირას დატოვა.

banner
წინა სტატიაშიაფხაზური მონეტა ამერიკულ კატალოგში – რას აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში?!
შემდეგი სტატიაერთ-ერთი, ვისაც გია ხუხაშვილი ახალი პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბებას სთავაზობს, ალეკო ელისაშვილია