“ევროპული საქართველო” ირაკლი კიკნაველიძემაც დატოვა

“ევროპული საქართველო” ირაკლი კიკნაველიძემაც დატოვა. კიკნაველიძის თქმით, დიდი ხანია ფიქრობს და მოვიდა დრო, რომ ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავიდეს.

კიკნაველიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ დღეს ევტორიტარულ რეჟიმს უამრავი ადამიანი ებრძვის და ამ ბრძოლაში იქნება ჩართული.

“დრო მოვიდა ჩემი ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავიდე. დიდი ხანია, ამ სიახლეზე, ჩემს ცხოვრებაში მის საჭიროებაზე ვფიქრობ. ვხედავ და მჯერა, რომ პოლიტიკური პარტიის წევრობა, შედარებით ტრადიციულ პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობა, სულაც არაა ამ ქვეყანაში იმგვარი ცვლილებებისა და სიახლის მოტანის ერთადერთი და ყველაზე ეფექტიანი შესაძლებლობა, რომელსაც მინდა, რომ მივაღწიო.

დღეს ჩვენ ავტორიტარულ რეჟიმს ვებრძვით. რეჟიმს, რომელსაც საღი აზრი რახანია დაკარგული აქვს და მზადაა, საშიში პროვოკაციების გზით შეინარჩუნოს ძალაუფლება. ამ ბრძოლაში ასიათასობით ადამიანია ჩართული, წინა ხაზზე კი პოლიტიკოსებთან ერთად ბევრი სხვადასხვა პროფესიისა და საქმიანობის მოტივირებული ადამიანი დგას. სწორედ ამ ბრძოლაში ვაპირებ ბოლომდე მონაწილეობას.

მინდა, წარმატება ვუსურვო ევროპულ საქართველოს, ადამიანებს, რომლებიც გააგრძელებენ ბრძოლას ამ პარტიის ქოლგის ქვეშ. ეს პარტია საქართველოს თავისუფლების, დასავლური არჩევანისა და ლიბერალური დემოკრატიის დაცვის ყველაზე ძლიერი და თანმიმდევრული ხმა იყო და მჯერა, რომ ასეთად დარჩება. ზუსტად ვიცი, რომ გიგა ბოკერია ბოლომდე იბრძოლებს ამ ქვეყნის გადარჩენისა და განვითარებისთვის”, – წერს ირაკლი კიკნაველიძე.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშირუხაძე: ყველა ტრიბუნა უნდა გამოვიყენოთ, რომ გიორგი მუმლაძე 5 წლით არ მოხვდეს “ოცნების” საპყრობილეში
შემდეგი სტატიაჯემალ გამახარია მიესალმება საქართველოს მთავრობის მიერ 5 დღიანი კარანტინის მოხსნის გადაწყვეტილებას