„ევროპული საქართველო” ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების პარლამენტში განხილვისას პრემიერ-მინისტრის დასწრებას ითხოვს

„ევროპული საქართველო” covid19 – თან ბრძოლის ანტიკრიზისული გეგმის, მათ შორის მოსახლეობის სოციალური დახმარების პაკეტის, საგადასახადო შეღავათების და სხვა მსგავსი საკითხების პარლამენტში განხილვისას პრემიერ-მინისტრის დასწრებას ითხოვს. როგორც ბიუროს სხდომაზე „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი წერეთელმა განაცხადა, უმჯობესია, დაგროვილ კითხვებს პასუხი თავად პრემიერ-მინისტრმა გასცეს და არა – მისმა თანამშრომლებმა.

„თქვენ კარგად გახსოვთ ის სურვილები და პრეტენზიები, რაც ჰქონდა ოპოზიციას, „ევროპულ საქართველოს”, რომელსაც სერიოზული გეგმა ჰქონდა წარმოდგენილი. გეგმა ითვალისწინებდა გადასახადების დაწევას, საპენსიო ფონდის შენატანების დაბრუნებას, ხელფასის კომპენსირებას 50%-ით და ა.შ. ჩვენ ისე გავიარეთ ეს პროცესი, რომ პარლამენტში ვერ მოვუსმინეთ პრემიერ -მინისტრს. იყო ამის მოთხოვნა. ჩვენ პარლამენტში ეს საკითხი არ განგვიხილავს, მე ვფიქრობ, რომ ეს არ არის კარგი პარლამენტისთვის. მე ყოველთვის ვიცავ პარლამენტის ღირსებას იმიტომ, რომ მიმაჩნია, რომ ეს ინსტიტუტი ძალიან მნიშვნელოვანი უნდა იყოს და ახორციელებდეს საზედამხედველო ფუნქციას. ძალიან ბევრი კითხვაა: როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი, როდის იწყება და ა.შ ფულად დახმარებაზე როცაა საუბარი, ბევრ ადამიანს არაფერი არ მიუღია. აპირებს თუ არა ბიურო და პარლამენტი მოიწვიოს პრემიერ – მინისტრი და მასთან ერთად გავიაროთ ეს საკითხი? ბევრი კითხვაა, რომელზეც გვსურს, რომ მისგან მივიღოთ პასუხები და არა ხშირ შემთხვევაში, თანამშრომლებისგან და სხვა პირებისგან,” – განაცხადა გიგი წერეთელმა.

ოპოზიციონერი დეპუტატის განცხადებას პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ უპასუხა, რომლის თქმითაც, პრემიერ-მინისტრის და მთავრობის მოსმენის შესაძლებლობა ნამდვილად იქნება.

„რა თქმა უნდა, გვექნება შესაძლებლობა პრემიერ-მინსიტრს და მთავრობას მოვუსმინოთ, მათ შორის კოვიდ -19- თან დაკავშირებით იმ ღონისძიებებზეც, რაც გატარდა და ასევე, იმ გეგმებთან დაკავშირებით, რაც პოსტკრიზისულ პერიოდში იქნება მნიშვნელოვანი. რაც შეეხება მოწვევას, როგორც ვიცი, თქვენს ფრაქციასა და კიდევ ერთ ოპოზიციურ ფრაქციას გაგზავნილი აქვს ინტერპრელაციის მოთხოვნა, ამასთან დაკავშირებით პრემიერ – მინისტრი გიპასუხებთ,” – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

banner
წინა სტატიაშიპენიტენციურ სამსახურში გლდანის ციხეში პატიმრების შიმშილობის მიზეზები განმარტეს
შემდეგი სტატიარიმა ბერაძე ჩუღურეთში ავარიული სახლის გამაგრების სამუშაოებს გაეცნო