ევროპელი დიპლომატების 70 სადამკვირვებლო გუნდი 1 000-ზე მეტ საარჩევნო უბანზე მისვლას გეგმავს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 31, 2020 09:20

ევროპელი დიპლომატების 70 სადამკვირვებლო გუნდი 1 000-ზე მეტ საარჩევნო უბანზე მისვლას გეგმავს

ევროკავშირი აცხადებს, რომ საპარლამენტო არჩევნებს ევროპელ დიპლომატთა გუნდი დააკვირდება.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ცნობით, 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების დროს, ევროპელი დიპლომატებისგან შემდგარი 70–ზე მეტი სადამკვირვებლო გუნდი საქართველოში 1 000-ზე მეტ საარჩევნო უბანზე მივა.

ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, მიზანი საქართველოში დემოკრატიული პროცესებისა და მიმდინარე ეუთო/ოდირი-ს სადამკვირვებლო მისიის ხელშეწყობაა.

„ჩვენთვის და ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებისათვის მთავარია არა ის, თუ ვინ გაიმარჯვებს ამ არჩევნებში, არამედ ის, თუ როგორ იქნება მოპოვებული ეს გამარჯვება. არჩევნების დღეს ჩვენ ვიკისრებთ არჩევნების წარმართვაზე აქტიური მონიტორინგის უპრეცედენტო როლს. შაბათს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან და ევროპელ პარტნიორებთან ერთად, ევროპელ დიპლომატთა გუნდი ფართომასშტაბიან, კოორდინირებულ დაკვირვებას განვახორციელებთ. ყველა ერთად 70-ზე მეტი გუნდის მობილიზებას შევძლებთ და ქვეყნის მასშტაბით 1 000-ზე მეტ საარჩევნო უბანზე მივალთ“, – განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა.

ევროპელ დიპლომატთა გუნდი შედგება საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოების თანამშრომლებისგან, მათ შორისაა ავსტრია, ბულგარეთი, ჩეხეთი, ესტონეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, იტალია, ლატვია, ლიეტუვა, ნიდერლანდები, პოლონეთი, სლოვაკეთი და შვედეთი, ასევე ნორვეგიისა და შვეიცარიის საელჩოები. ეს სადამკვირვებლო ინიციატივა სხვა საელჩოებთან, კერძოდ აშშ–და გაერთიანებული სამეფოს საელჩოებთან მჭიდრო კოორდინაციით განხორციელდება. ევროპელ დიპლომატთა სადამკვირვებლო გუნდი ევროკავშირის სიმბოლიკიანი მანქანებით გადაადგილდება, ევროკავშირის სიმბოლიკიანი ჟილეტებითა და ქუდებით. ევროკავშირის წარმომადგენლობის ცნობით, ისინი „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო უსაფრთხოების ყველა შესაბამის ზომას დაიცავენ.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 31, 2020 09:20