ევროკავშირის შეშფოთება უგულავას საქმეზე- ოფიციალური ბრიუსელი ივანიშვილის გუნდს აფრთხილებს

admin
ავტ.: admin თებერვალი 12, 2020 12:45

ევროკავშირის შეშფოთება უგულავას საქმეზე- ოფიციალური ბრიუსელი ივანიშვილის გუნდს აფრთხილებს

ევროკავშირის საგარეო სამსახურმა გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ასოცირების ხელშეკრულება საქართველოს ავალდებულებს, დაიცვას სასამართლოს დამოუკიდებლობა, სამართლიანი პროცესი და კანონის უზენაესობა.

“სასამართლო დამოუკიდებლობის უმაღლესი სტანდარტების დაცვა, სამართლიანი პროცესი და კანონის უზენაესობა საქართველოს არსებითი ვალდებულებებია ევროკავშირისა და საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებით.”

განცხადებაში ვკითხულობთ იმასაც, რომ “უგულავას ვერდიქტის გარშემო არსებული გარემოებები პოლიტიკური დიალოგის წინსვლას ხელს არ უწყობს.”

გიგი უგულავას დაპატიმრებიდან მალევე, ტვიტერის საშუალებით კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა დაწერა, რომ სასამართლოს იარაღად გამოყენება დემოკრატია არ არის.

ამის შემდეგ, უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა სენატორი ჯიმ რიში, რომელმაც დაწერა, რომ საქართველოში პოლიტიკური ძალადობა, სასამართლოს ჩამოშლა და ოპოზიციის დევნა მიმდინარეობს.

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ იმედგაცრუებულები არიან ოპოზიციის ლიდერის მიმართ გამოტანილი განაჩენით.

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლინას ლინკვიჩუსი კი უგულავას დაპატიმრებას ტვიტერით გამოეხმაურა და დაწერა, რომ სასამართლო ოპოზიციის დევნისთვის არ უნდა გამოიყენებოდეს.

უგულავას დაკავებას გამოეხმაურენ ევროპარლამენტარებიც – გერმანელმა მიხაელ გალერმა დაწერა, რომ ძნელი დასაჯერებელია, თითქოს ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ აღძრული საქმეები პოლიტიკურად არაა მოტივირებული.

ნაჩო სანჩეს ამორმა, ვინც იმ პოლიტიკურ ჯგუფს წარმოადგენს, რომლის წევრიც ქართული ოცნებაა, დაწერა, რომ უგულავა “მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა იჯდეს და არა – ციხეში.”

10 თებერვალს, გიგი უგულავა ე.წ. ფონდის საქმეზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით 3 წლით, 2 თვითა და 8 დღით პატიმრობაში დააბრუნეს.

admin
ავტ.: admin თებერვალი 12, 2020 12:45