„ეს არის სრული ფარსი” – სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის განხილვას პარლამენტში მწვავე კამათი მოჰყვა

სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის განხილვას, პარლამენტში მწვავე კამათი მოჰყვა. დღეს სხდომაზე ირაკლი კობახიძემ საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებები წარადგინა, რომელსაც სხდომაზე კენჭი უნდა უყარონ. დოკუმენტი იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და სკოლის რეფორმას ითვალისწინებს.

მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღის განხილვას, პარლამენტის დარბაზში მწვავე განცხადებები მოჰყვა. დეპუტატი ეკა ბესელია სასმართლო სისტემაში კლანურ მმართველობაზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ ცვლილებები მას კიდევ უფრო გააძლიერებს.

„როგორც არ უნდა ხშირად ვახსენოთ საერთაშორისო პარტნიორების მხარდამჭერი განცხადება, რეალობას ვერ შეცვლის. ეს ცვლილებები კიდევ უფრო გააძლიერებს სასამართლოში იმ გავლენიანი ჯგუფის, კლანად წოდებული ჯგუფის შესაძლებლობებს და იმ სისტემურ პრობლემას, რომლის წინაშეც სასამართლო დგას“ – განაცხადა ეკა ბესელიამ.

სასამართლოში, ე.წ. კლანის გაძლიერებაზე საუბრობს პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის” წევრი, ირაკლი აბესაძე.

“ჯამში მივდივართ იქამდე, რომ როგორც წინა ტალღა, რომლის შედეგებსაც ახლა ვუყურებთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის აბსოლუტურად უვარგისი კანდიდატების სახით, ეს ტალღაც იქნება ფუჭად ჩავლილი და სამწუხაროდ, კლანის გავლენები, როგორც ჩანს, კიდევ უფრო მეტად გაძლიერებულია“ – ცხადებს აბესაძე.

განცხადება გააკეთა პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” თავმჯდომარემ, ოთარ კახიძემ.

„როდესაც ქულების დაწერაზეა ლაპარაკი და ერთ კანდიდატს აფასებენ მაღალი ქულით და მეორეს დაბალით, ეს რატომ არ უნდა დაასაბუთოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კონკრეტულმა წევრმა. მიუთითოს ამ გადაწყვეტილების მიზეზი. აქაც გინდათ, რომ უფრო ბუნდოვანი იყოს პროცესი, ნაკლებად იყოს გამჭვირვალობა დაცული და აქაც გინდათ, რომ ნაბიჯი წინ არ გადავდგათ“ – აცხადებს ოთარ კახიძე.

პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” მდივანმა, თინა ბოკუჩავამ კი აღნიშნა, რომ საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტს მხარს არ დაუჭერენ.

“ეს არის სრული ფარსი და ამ ფარსში მონაწილეობის მიღებას, ბუნებრივია, ჩვენ ამ კანონპროექტის მხარდაჭერით არ ვაპირებთ. რამდენმა ტალღამაც არ უნდა გადაუაროს მურუსიძე-ჩინჩალაძის მიერ კონტროლირებად სასამართლოს, რომელიც ემსახურება ივანიშვილის ინტერესებს და არა ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, ეს იქნება სრული ფარსი, ამიტომ საჭიროა ფუნდამენტური ცვლილება“ – აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.

ბოკუჩავას ამ განცხადებას უპასუხა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა, რომელმაც ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” მდივანი არაობიექტურობაში დაადანაშაულა.

„ქალბატონო თინა, ემოციური გამოსვლა სცადეთ, მაგრამ, ამას აკლდა ობიექტურობა და რეალობა. მე ესეთი ემოციურობით აღსავსე გამოსვლა თქვენი არ მინახავს სამუშაო ჯგუფის იმ შეხვედრებზე, სადაც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები ესწრებოდნენ და ის ძალიან ფართო ჩართულობა რაც იყო ამ ჯგუფში უზრუნველყოფილი ეს ხალხი სადაც ესწრებოდა. იცით რატომ არ გქონდათ და ვერ გექნებოდათ ესეთი ემოციური გამოსვლა? იმიტომ, რომ ობიექტური და რეალური საფუძველი არ გექნებოდათ“ – მიმართა ოხანაშვილმა ბოკუჩავას.

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრმა, ირაკლი კობახიძემ, დეპუტატებს კანონპროექტის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

„კანონპროექტის მიღების შედეგად, მივიღებთ გაუმჯობესებულ სასამართლო სისტემას, კიდევ უფრო მეტად დახვეწილ და გაჯანსაღებულ სასამართლო სისტემას, აქედან გამომდინარე, მოგიწოდებთ კანონპროექტის მხარდაჭერისკენ“ – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ქობულია შესაძლოა პოლიტიკაში დაბრუნდეს
შემდეგი სტატიამდინარაძე: კაცების და ქალების დაყოფა და წარსულში ჩარჩენა პოლიტიკური მარაზმია