ეს არის „ქართული ოცნების” ბოლო არჩევნები

ეს არის „ქართული ოცნების” ბოლო არჩევნები – ეს განცხადება, „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ გააკეთა. ბურჯანაძემ საგანგებო ბრიფინგზე თვითმმართველობის არჩევნები შეაფასა. მისი თქმით, მმართველმა გუნდმა ყველანაირი მეთოდი გამოიყენა იმისთვის, რომ თბილისში არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატს პირველივე ტურში გაემარჯვა.

ბურჯანაძე ხელისუფლებას თვითმმართველობის არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს.

„არჩევნების წინა პერიოდი იყო, არადემოკრატიული, არა გამჭვირვალე, არათანასწორი. გაგრძელება იყო ის, რაც დღეს მოხდა. არავისთვის ეს სიურპრიზს არ წარმოადგენდა, რომ „ქართული ოცნება“ ყველანაირად ეცდებოდა არჩევნების გაყალბებას, მანიპულირებას არჩევნებით იმისთვის, რომ თბილისში მოეპოვებინა ე.წ. უპირატესობა პირველ ტურში, იმიტომ, რომ მას ძალიან ეშინოდა მეორე ტურის და ასევე „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ დაელაგებინა ის პროცესი, რომელიც მისთვის არის ხელსაყრელი.

“დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები, ეს არის „ქართული ოცნების” ბოლო არჩევნები. ვერც შემდგომ საპარლამენტო, საპრეზიდენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს „ქართული ოცნება“ ვერ ჩაატარებს, ისე როგორც მას უნდა და „ქართული ოცნებისთვის“ ეს ბოლო გამარჯვებაა არჩევნებში,“ – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ნინო ბურჯანაძემ ეგზიტპოლების შედეგებს უნდობლობა გამოუცხადა. მისი თქმით, შედეგები არის „ფანდი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი იყენებს, იმისთვის, რომ გააცოცხლოს „ნაციონალური მოძრაობის“ ხან ერთ და ხან მეორე ფრთა, რათა გაიხანგრძლივოს ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდი“.

banner
წინა სტატიაშიმარნეულის რამდენიმე საარჩევნო უბანთან საპატრულო პოლიციაა მობილიზებული
შემდეგი სტატიადიმიტრი ლორთქიფანიძე სტენოკარდიული შეტევით ნიუჰოსპიტალში გადაიყვანეს