„ეს არის ძარცვა კანონის სახელით“

„ეს არის ძარცვა კანონის სახელით“- ეს განცხადება, „ნაციონალური მოძრაობის წევრმა ლევან ხაბეიშვილმა გააკეთა. ხაბეიშვილი თბილისის საკრებულოში იმყოფება, სადაც ამ წუთებში ყოფილი პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კომპანიისთვის მიწების გადაცემის საკითხზე უნდა იმსჯელონ.

საუბარია პუშკინის სკვერის მიმდებარედ 1 900 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთის და ასევე, ბოტანიკურის მიმდებარედ 5000 კვ მეტრზე თაბორის მთის მონაკვეთზე.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ამბობს, რომ ისინი საკრებულოს სხდომის გადადებას ითხოვდნენ, თუმცა სუს-ის და დაცვის თანამშრომლებმა ოპოზიციის ლიდერები საკრებულოს სხდომათა დარბაზიდან ძალის გამოყენებით გამოაძევეს.

„ეს არის ძარცვა, ისინი კანონის სახელით ცდილობენ გაძარცვონ თბილისელები. ბიძინა ივანიშვილს აძლევენ 1 ლარად ქონებას და ამბობენ, რომ ეს არის სამუშაო პროცესი. ჩვეულებრივი ქურდული სამყარო ზის კორუმპირებულებით სავსე, რომლებიც მონურად უწევენ ხელს რუსი ოლიგარქისთვის უფრო მეტი ქონების გადაცემას. ეს არის ის, რისთვისაც ჩვენ ძალადობრივად გამოგვაძევეს დარბაზიდან,“ – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

თბილისის საკრებულოს სხდომათა დარბაზში მმართველ გუნდს პროვოკატორების მიყვანაში ადანაშაულებს „ენმ“-ის წევრი ბესო შენგელიაც.

„ჩვენი მთავარი მოთხოვნა იყო ის, რომ ამ საკრებულოს არ გაეწია ივანიშვილისთვის ნოტარიუსის ფუნქცია და გადაედო შემდეგი მოწვევის საკრებულოსთვის, მაგრამ ალიბეგაშვილმა ეს არ დააკმაყოფილა, შემოიყვანეს პროვოკატორები, სუს-ის თანამშრომლები, მერიის უსაფრთხოების თანამშრომლები, პოლიცია და იძულების ძალით გამოგვიყვანეს იმიტომ, რომ მათთვის არ არის მთავარი მოქალაქეების აზრი,“ – განაცხადა „ენმ“-ის წევრმა ბესო შენგელიამ.

თბილისის საკრებულოში ვითარება ცოტა ხნის წინ დაიძაბა. ოპოზიციამ სხდომის გადადება მოითხოვა. ერთმანეთს ოპოზიციისა და მმართველი გუნდის მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ.

ოპოზიციის ლიდერებს სხდომათა დარბაზი დაცვის თანამშრომლებმა ძალის გამოყენებით დაატოვებინეს.

banner
წინა სტატიაშიემირ კუსტურიცას კონცერტი გადაიდო
შემდეგი სტატიათბილისის საკრებულოში, “პარტიზანი მებაღეების” წევრები მივიდნენ