ეს ადამიანები არიან „ნაციონალური მოძრაობის“ არა მხოლოდ მოკავშირეები, არამედ მათი მფარველებიც – იონათამიშვილი ევროპარლამენტარებზე

ევროპარლამენტის ოდიოზურმა ჯგუფმა, ფაქტობრივად, დააინიცირა რუსული რეზოლუცია, სადაც საუბარია, თითქოს აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა და სხვა პუნქტებში საქართველოს დასანქცირებაზე საუბრობენ, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

იონათამიშვილის თქმით, ეს ადამიანები არიან „ნაციონალური მოძრაობის“ არა მხოლოდ მოკავშირეები, არამედ მათი მფარველებიც.

„შესაბამისად, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ვალდებული არიან, დაგმონ არა მხოლოდ რეზოლუცია, არამედ მისი ავტორები. თუ ამას არ გააკეთებენ, ეს იქნება აღიარებითი ჩვენება, რომ რადიკალური ოპოზიცია არის რუსული ოპოზიცია და ისინი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მოქმედებენ“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

„ევროპის სახალხო პარტიის“ მიერ მომზადებულ რეზოლუციის პროექტში ოკუპირებული აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არის მოხსენიებული.

რეზოლუციის პროექტში, რომელიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით „ევროპის სახალხო პარტიამ“ შეიმუშავა და რომელიც ევროპარლამენტის ვებგვერდზეა განთავსებული, ნათქვამია, რომ „ქართული კანონპროექტი რუსულის მიხედვით შეიქმნა და ასეთივე კანონმდებლობა ცოტა ხნის წინ ყირგიზეთსა და აფხაზეთში მიიღეს“.

banner
წინა სტატიაში29 აპრილს თუ ორი აქცია იქნება, დაპირისპირების შანსი იარსებებს – იაგო ხვიჩია
შემდეგი სტატიააქციაზე დაკავებული სანდრო ჯოხაძე სასამართლომ 2 200 ლარით დააჯარიმა