ენმ მაკო გომურის სხდომაზე შეშვებას ითხოვდა, ის პარლამენტთან არ იყო – როგორ ხსნიან მომხდარს

20-21 ივნისის აქციის დაშლისას დაშავებული მაკო გომური, რომლის პარლამენტში შეშვებასაც ენმ ითხოვდა, იქ არ იმყოფებოდა.

ენმ-მ​ დღეს პროტესტის ნიშნად გახარიას მოსმენა შეწყვიტა. პარტია ითხოვდა, სხდომას 20 ივნისის ღამეს დაშავებული მაკო გომური და სხვა მოქალაქეები დასწრებოდნენ, თუმცა, სხდომის შეწყვეტის შემდეგ გაირკვა, რომ გომური პარლამენტთან საერთოდ არ ყოფილა.

აქცია “სიცხვილიას” ორგანიზატორები, რომლებიც პარლამენტთან სირცხვილის დერეფნებს აწყობენ, ამბობენ, რომ მათ საშვები აქციის მონაწილეთა უმეტესობაზე დაუშვეს. მათივე თქმით, იციან, რომ დაცვა პარლამენტში მაინც არ შეუშვებდა, ამიტომ მაკო გომური არ შეაწუხეს და პარლამენტთან მოსვლა არც უთხოვიათ.

“სირცხვილიას” ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, შოთა დიღმელაშვილმა, ფეისბუქზე დაწერა:

“მაკოს საშვის შესახებ: მოკლედ, 4 დღეა სისტემამ გაჭედაო, ამბობენ და არ გვიშვებენ პარლამენტში. ბუნებრივია, გუშინაც ვიცოდით, რომ არ შეგვიშვებდნენ. საშვები ავტომატურად ავიღეთ ყველას სახელზე #სირცხვილიას მოძრაობიდან, იმ იმედით, რომ ვიღაც შეაღწევდა. ფორმალურად, საშვები აღებულია ყველანი არ ვართ პარლამენტთან. მაგალითად, მეც არ ვარ ახლა პარლამენტთან და ჩემზეცაა საშვი. მოლოდინი გამართლდა – ვინც არიან, იმათ არ უშვებენ.

გუშინ გვიან ღამის პირველი საათისკენ გავიგეთ, რომ მაკო მიდიოდა ქალაქიდან, როცა საშვების სიაში უკვე იყო. მაგრამ კითხვა გამოგზავნა, შედით და ჩემი სახელით დაუსვითო. ამას ვაპირებდით თუ გამოგვივიდოდა შეღწევა, მაგრამ დიდი იმედი არ გვქონდა. როგორც ვთქვი, მეოთხე დღეა “სისტემამ გაჭედა”, კვირის დასაწყისში დაიწყო ეს ჭიდაობა. თითქმის ნულოვანი ალბათობა იყო, რომ კანონიერად მოიქცეოდნენ და პარლამენტში შევაღწევდით და არც გვითხოვია, მაკოსთვის დარჩენილიყო და ტყუილად მდგარიყო გარეთ.

ცუდია, რომ ამგვარი მისკომუნიკაციის საფუძველი შეიქმნა, რაც სახელისუფლებო მედიას ასეთი სპინის საშუალებას მისცემს. ჩვენი შეცდომაა, ტვინი უნდა დაგვეტანებინა, მაგრამ ეს ტვინებიც 79 დღე ქუჩაში დგომის შემდეგ, აქციის მერე, ღამის პირველ საათზე, ისე კარგად აღარ მუშაობს. აღარ დავიწყეთ შუაღამისას სიიდან ამოღებაზე ჩალიჩი. აღმოჩნდა, ამ ამბავმა სირცხვილიას დისკრედიტაცია გამოიწვია, რადგან ამ დროს მაკო თბილისში აღარ იყო. კარგი გაკვეთილია. აწი მეტ ყურადღებას გამოვიჩენთ. თუმცა კითხვებს, რომელთა დასმაც გვინდოდა, მაინც შევიტანთ პარლამენტში. დიდი მადლობა ამისთვის ოპოზიციურ პარტიებს – შემოგვთავაზეს, რომ თვითონ გააჟღერებდნენ #სირცხვილიას კითხვებს”.-წერს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი

banner
წინა სტატიაშიგვარამია: ახალი ბრალი უნდა წამიყენონ, რა საამურია ცხოვრება დემოკრატიაში
შემდეგი სტატია,,არავის გაუგონია, ასე რიგად უტევდნენ ხელისუფლებას არასამთავრობოები”-ვოლსკი