ელენე ხოშტარია : „თიბისი ბანკის“ საქმეს სამართლებრივი საფუძველი რომ ჰქონდეს, ასეთ კლოუნადას არ მოაწყობდნენ

„ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია მიიჩნევს, რომ „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებული მოვლენები არის პოლიტიკური ბრძოლა და ბანკის წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანია.

მისი თქმით, „თიბისი ბანკის“ საქმეს სამართლებრივი საფუძველი არ აქვს. ხოშტარია ფიქრობს, რომ დასკვნები ყველანაირი საფუძვლის გარეშე გამოიტანეს და გამთეთრებლები უწოდეს დამფუძნებლებს, რითაც ზიანი მიაყენეს ბანკს.

„ჩვენ რასაც ვუყურებთ „თიბისიზე“, ეს გამოჩნდა ბოლო საპარლამენტო მოსმენაზეც და მანამდეც. ეს არის პოლიტიკური ბრძოლა, ბანკის წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანია. ამ საქმეს სამართლებრივი საფუძველი რომ ჰქონდეს, ასეთ კლოუნადას არ მოაწყობდნენ, გაქცევითა და საზოგადოებისგან დამალვით, რაც კომიტეტზე ვნახეთ. და რაც მთავარია, ყველანაირი საფუძვლის გარეშე გამოიტანეს დასკვნები, მათ დაარქვეს გამთეთრებლები, ზიანი მიაყენეს ბანკსა და ზოგადად ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას.

ცხადია, უბრალოდ ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ შეებრძოლოს ახლა უკვე ამჯერად ბიზნესმენს და ამას დაემორჩილა პროკურატურა, ეროვნული ბანკი და მთელი სისტემა, აი, ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

კითხვაზე შეიძლება თუ არა დააკავონ მამუკა ხაზარაძე, ხოშტარიამ აღნიშნა, რომ ამის შესახებ წინასწარ არავინ იცის.

„როგორ შეიძლება, ვიმსჯელო, რა მოუვა ბიძინა ივანიშვილს თავში. ჩვენ რომ ვიყოთ სამართლებრივ სახელმწიფოში, კითხვებზე პასუხები გვექნებოდა. ჩვენ ვართ ივანიშვილის სურვილით მოქმედ რაღაც ინსტიტუტებში, რომელსაც როდის რა მოუვა თავში, კაციშვილმა უბრალოდ არ იცის“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში ქურდობის ფაქტი აღკვეთა – დაკავებულია ერთი პირი
შემდეგი სტატია“პოლიტიკური დევნაა” – რომან გოცირიძე “თიბისი ბანკის” საქმეზე საუბრობს