ძალიან კვალიფიციურ და კომპეტენტურ დასკვნას მოვამზადებთ – თალაკვაძე მოზარდების მკვლელობის საქმეზე

პარლამენტში დღეს საგამოძიებო კომისიის ფარგლებში პროკურატურის მოქმედ და ყოფილ წარმომადგენლებს უსმენენ. ამ დროისთვის, კომისიის წევრების შეკითხვებს თბილისის ყოფილი პროკურორი მიხეილ შაყულაშვილი და მთავარი პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში, გამოძიების საპროცესი ხელმძღავნელობის დეპარტამენტის უფროსი გიორგი გაბოძე პასუხობენ.
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის და კომისიის წევრის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, კომისია ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე კვალიფიციურ და კომპეტენტურ დასკვნას მოამზადებს.
მისი თქმით, საგამოძიებო კომისიის მიერ გამოკითხვებზე მიღებული ინფორმაცია დამუშავდება და შესაბამისი დასკვნა მომზადდება.
„დარწმუნებული ვარ, ამ საქმესთან დაკავშირებით ძალიან კვალიფიციურ და კომპეტენტურ დასკვნას მოვამზადებთ. დღეს პროკურატურის მაღალჩინოსნებს გამოვკითხავთ. მათთან არაერთი კითხვა გვაქვს. კერძოდ, რა გააკეთეს და რისი გაკეთება შეიძლებოდა კიდევ უფრო აქტიურად, რომ მოწმეებს, რომელთაც არასრული ჩვენებები მისცეს ან თავი შეიკავეს გამოძიებისთვის სრული ინფორმაციის მიწოდებისგან, მიეწოდებინათ ინფორმაცია. ამ საკითხებზე მათი პოზიცია გვაინტერესებს“, – განაცხადა თალაკვაძემ და აღნიშნა, რომ კომისიას ასევე, საქმესთან დაკავშირებული კონკრეტული გარემოებები აინტერესებს.
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია დღეს N12 სხდომას მართავს.

banner
წინა სტატიაშითაღლითობის ფაქტზე ყვარლის მუნიციპალიტეტის თანამშრომელი დააკავეს
შემდეგი სტატია„ევროპულმა საქართველომ“ წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო – დავით ბაქრაძე საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა