დოკუმენტაციის გაყალბების მცდელობა “რუსთავი 2”-ის საქმეში – ოპოზიციაში ხელისუფლების ინტერესზე საუბრობენ

ოპოზიცია რუსთავი 2-ის საქმეზე უზენაესი სასამართლოს მხრიდან დოკუმენტაციის გაყალბებაზე საუბრობს. ხელისუფლების ოპონენტები არ გამორიცხავენ, რომ უზენაესმა სასამართლომ მართლაც შეცვალა დიდი პალატის დაკომპლექტების თარიღი.

ევროპული საქართველოს ლიდერების განცხადებით, ხელისუფლების მიზანი ივანიშვილის დაკვეთის შესრულებაა – ნებისმიერი ფორმით დახუროს ან შეეცვალოს რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკა.

„სასამართლო სისტემა დღეს ხელისუფლების თანადგომით და ხელშეწყობით უკვე ცდილობს ლეგალური გახადოს დარღვევები, რომელიც რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით არსებობს. ყველაფერი ეს მეტყველებს იმაზე, რომ ძალიან მიზანმიმართულად ხდებოდა დაგეგმვა იმისა, რომ რუსთავი 2-ის წინააღმდეგ განხორციელებულიყო ეს მოქმედებები,“-განაცხადა გიგი წერეთელმა.

რუსთავი 2-ის საქმეში არსებულ დარღვევებზე საუბრობს ნაციონალური მოძრაობა. პარტიაში ამბობენ, რომ უზენაესი სასამართლოს მიერ საქმეში თარიღისა და დოკუმენტების ნუმერაციის შეცვლის ფაქტები ადასტურებს, რომ ხელისუფლება დაინტერესებული რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლით.

„ფაქტები, რომელიც დღეს გამოვლინდა, როდესაც ვნახეთ, რომ სასამართლო არის ორგანო, რომელიც თავადვე არის ოფიციალური დოკუმენტაციის გამყალბებელი, არის ჩვეულებრივი ცირკი. კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ წარმოდგენა არ აქვთ ხელისუფლებაში სამართლებრივი სახელმწიფოს საფუძვლებზე,“-აცხადებს კოტე იოსელიანი.

თავისუფალი დემოკრატებში კი უზენაესი სასამართლოს ქმედებებს სასაცილოს უწოდებენ.

„პირველ რიგში ეს არის ძალიან სასაცილო შეიძლება ითქვას და ამით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს ვერავითარ შემთხვევაში ვერ მოატყუებენ,“-განაცხადა ლევან სამუშიამ.

წყარო:რუსთავი2

banner
წინა სტატიაში“არა ჩადებას!” – აქცია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან
შემდეგი სტატია„კითხვის ნიშნები მიჩნდება პოლიტიზირებასთან დაკავშირებით”- ვოლსკი ,,რუსთავი”-ის საქმეზე