დიდი ხანია შეშფოთებული ვართ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლით – სახ.დეპის მაღალჩინოსანი

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, ანონიმურობის პირობაზე დაყრდნობით, ამერიკის ხმასთან ინტერვიუში ისაუბრეს მიზეზებზე, რის გამოც, სახელმწიფო დეპარტამენტმა 4 ქართველ მოსამართლეს სანქციები დაუწესა და აშშ-ში შესვლა აუკრძალა.

„ტექნიკურად ეს სანქციები არა, ეს ვიზის შეზღუდვაა. მათ შორის განსხვავებაა. მაგალითად მაგნიტსკის გლობალური აქტის სანქციები, რომელიც ამერიკის სახაზინო დეპარტამენტს აქვს მიღებული, გულისხმობს ფინანსურ სასჯელსაც. სანქციებს შეუძლიათ გაყინონ ასეთები, დაბლოკონ ფინანსური გადარიცხვები ამერიკის მოქალაქეს, თუ კომპანიებსა და სანქცირებულებს შორის და ა.შ ეს მხოლოდ ვიზის შეზღუდვებია“,- ამბობს სახელმწიფო დეპარტამენტის პოლიტიკის ექსპერტი.

„მათმა კორუფციულმა ქმედებებმა, ძირი გამოუთხარა კანონის უზენაესობას და დემოკრატიულ პროცესებს საქართველოში, შესაბამისად საფრთხე შეუქმნა საქართველოს მისწრაფებას ევროკავშირისა და ნატოსკენ“, – აცხადებს სახ.დეპის წარმომადგენელი.
სახელმწიფო დეპარტამენტში განმარტავენ, რომ ოთხი მოსამართლისთვის პასუხისმგებლობის გარდა, ამ გადაწყვეტილებას სხვა მოტივებიც აქვს.

„ეს ქმედება აჩვენებს ჩვენს ერთგულებას საქართველოს დემოკრატიული განვითარების სამომავლოდაც მხარდაჭერაში, ასევე იმის აუცილებლობას, რომ ქართველმა ოფიციალურმა პირებმა უნდა გადადგან საჭირო ნაბიჯები აუცილებელი რეფორმების გასატარებლად, რათა დარწმუნდნენ, რომ არსებობს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო. ჩვენ დიდი ხანია შეშფოთებული ვართ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლით, განსაკუთრებით სასამართლო სისტემაში მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობის ნაკლებობის გამო“, – აცხადებს სახ.დეპის წარმომადგენელი.
სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ევროკავშირმა საქართველოს 12 პუნქტის შესრულება დაავალა კანდიდატის სტატუსის მისაღებად, ერთ-ერთი პუნქტი კი დამოუკიდებელი სასამართლო და მიუკერძოებელი მართლმსაჯულებაა. სახ.დეპის წარმომადგენლის თქმით, მათი სურვილია ქართველ ხალხს სწორედ ამ მიზნის მიღწევაში დაეხმარონ.

„მინდა დავარწმუნო, როგორც საქართველოს მთავრობა, ასევე ქართველი ხალხი, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ერთგული რჩება დაეხმაროს საქართველოს ნებისმიერი გზით, რომ შეასრულოს ის ნაბიჯები, რომელიც გასულ წელს ევროკავშირმა წარუდგინა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. სასამართლოს დამოუკიდებლობის გარანტირება ერთ-ერთი პრიორიტეტი იყო, რომლისკენაც ევროკავშირი „ქართულ ოცნების“ მთავრობას მოუწოდებდა. შესაბამისად, ვიმედოვნებთ, რომ ეს ქმედება წაახალისებს „ქართულ ოცნებას“, რომ გამოიძიოს და აღმოფხვრას კორუფცია, რომ გაატაროს საჭირო რეფორმები, რათა გარანტირებული იყოს მიუკერძოებელი სასამართლო და რომ ეს მოხდეს ინკლუზიურად“, – განაცხადა სახ.დეპის მაღალჩინოსანმა.
სახელმწიფო დეპარტამენტში არ განმარტავენ ზუსტად რა კონკრეტული მტკიცებულებები აქვთ, თუმცა ამბობენ:

„ეს გრძელი პროცესია, მისი მიღების განხილვის დეტალებში ვერ შევალ, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან საფუძვლიანი პროცესია, ყოველთვის ვრწმუნდებით, რომ სანდოობას მკაცრად ვამოწმებთ და დარწმუნებულები ვართ იმ ინფორმაციაში, რომელიც გვაქვს“.
შეგახსენებთ, 5 აპრილს აშშ-მა მოსამართლეებს მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინაში რუსეთის აგრესიას კიდევ ერთი ქართველი სამხედრო, არსენ ქეცბაია ემსხვერპლა
შემდეგი სტატიათიბისისთან პარტნიორობით „ვოკ’ენ’როლი“ ბათუმში მეორე ფილიალს ხსნის