დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დიასპორასთან ურთიერთობის მიმართულებით განხორციელებულ პროგრამებზე იმსჯელეს

????????????????????????????????????

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.

კომიტეტმა 2022 წლის 27 მაისს, დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმის „ქართული დიასპორა საქართველოს ევროპული მომავლისთვის“ შედეგებსა და სამუშაო ჯგუფებში მიღებულ წინადადებებზე იმსჯელა. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ კონსტანტინიდის ინფორმაციით, პანდემიის პერიოდში ყველა ღონისძიება ონლაინ რეჟიმში იმართებოდა, თუმცა 27 მაისს გამართულ ღონისძიებას საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი და პარლამენტის წევრებიც მონაწილეობდნენ .

„ღონისძიება დიასპორის წარმომადგენლებთან თანამშრომლობისა და კავშირის გაღრმავებას ისახავდა მიზნად“,- აღნიშნა მომხსენებელმა. მან დეტალურად მიაწოდა კომიტეტს ინფორმაცია ღონისძიების თითოეულ პანელზე განხილულ საკითხებთან დაკავშირებით.

კომიტეტმა ასევე იმსჯელა 2022 წლის 10 ივნისს, თურქეთ-საქართველოს ბიზნეს ფორუმზე – „ჩვენებურები“ წარმოდგენილ წინადადებებსა და მიღებულ რეკომენდაციებზე.

„ფოკუსირება მოხდა 2 კომპონენტზე – ბიზნესსა და თვითონ ქვეყანაზე. „ჩვენებურები“ ჩვენი დიასპორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია თავისი რიცხოვნობით, შინაარსით და საქართველოსთან ურთიერთობის კუთხითაც, ღონისძიებას ესწრებოდა 100-ზე მეტი თურქი ბიზნესმენი“, -განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

კომიტეტის სხდომაზე მიმოიხილეს, თუ როგორ მიმდინარეობს 2022 წლის დიასპორული საგრანტო პროექტები: „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“; „დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერა“ და „უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერა“.

„სამივე პროგრამის კომისია არის მრავალრიცხოვანი. მასში არიან როგორც კომიტეტის წევრები და დარგის სპეციალისტები, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც. წელს უკვე დავნერგეთ მონაწილეთა ახალი შეფასების სისტემა, რომ ობიექტურად და გამჭვირვალედ იყოს პროცესი და რაღაც რისკები გამოირიცხოს. უახლოეს მომავალში გამარჯვებულები გამოვლინდებიან ყველა მიმართულებით“ – განაცხადა მომხსენებელმა. მისი ინფორმაციით, პროგრამაზე „დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერის“ შეტანილი იყო – 77, პროგრამაზე „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“- 52, ხოლო უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერის“ პროგრამაზე 26 განაცხადი.

კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ სამომავლოდ განსახორციელებელ ღონისძიებებზეც გაამახვილა ყურადღება და ასევე, დაინტერესდა თუ რა პროგრესია პრემიერ-მინისტრის მიერ გაჟღერებულ ინიციატივებთან დაკავშირებით.

„მინდა დიდი მადლობა გადავუხადო საგარეო საქმეთა სამინისტროს ნაყოფიერი მუშაობისთვის და იმედი მაქვს, რომ სამომავლოდაც ასეთივე თანამშრომლობას გავაგრძელებთ“, – მიმართა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს კომიტეტის თავმჯდომარემ.

banner
წინა სტატიაშიდიმიტრი პესკოვი საუბრობს იურიდიულ კაზუსზე ცხინვალის რეგიონის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის ე.წ. რეფერენდუმთან დაკავშირებით
შემდეგი სტატიაერთმნიშვნელოვნად რუსული ნარატივი – ხიდაშელი ღარიბაშვილის განცხადებაზე