დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი საქმიანობას დიპლომატიურ სამსახურში განაგრძობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს გელა დუმბაძეს მადლობას უხდის.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, გელა დუმბაძემ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანის რეფორმები გაატარა მინისტრობის პერიოდში.

“დღეს ჩატარდა დიასპორის ფორუმი, ტექნიკური მიზეზის გამო, სამწუხაროდ ვერ მოვახერხე დასწრება. მინდა, აღვნიშნო, გელა დუმბაძის, ჩვენი მეგობრის და ჩვენი კოლეგის წვლილი ამ მიმართულებით, მან ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივები განახორციელა მინისტრობის პერიოდში. რამდენიმე შეიძლება ითქვას. ეს იყო ჩვენი თანამოქალაქეების უფასოდ გადმოსვენება სამშობლოში და სამშობლოს მიწას მიბარება, რაც დიდი შვება იყო ჩვენი დიასპორის წარმომადგენლებისთვის”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, გელა დუმბაძემ დიდი წვლილი შეიტანა ლევილის საქართველოსთვის დაბრუნებაში იუსტიციის მინისტრთან, თეა წულუკიანთან ერთად.

“ეს იყო მართლაც ისტორიული მოვლენა საქართველოს უახლეს ისტორიაში, როდესაც საქართველოს დაუბრუნდა ლევილის მამული. ასევე აღსანიშნავია, ათობით შეხვედრა საქართველოს დიასპორის წარმომადგენლებთან სხვადასხვა ქვეყნაში. მე თვითონ მქონია ეს ბედნიერება, რომ ემოცია გაგვეცვალა ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლებთან, რომლებიც იმყოფებიან საქართველოსგან ძალიან მოშორებით. უნდა ვთქვა, რომ გელას როლი ამ მიმართულებით იყო ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან პირდაპირ იგრძნობოდა ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლების მობრუნება ჩვენი ქვეყნისთვის. ეს იყო ძალიან დიდი დამსახურება მინისტრის. მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გელა დუმბაძე საქმიანობას დიპლომატიურ სფეროში გააგრძელებს.

მისივე თქმით, განხორციელდება სტრუქტურული ცვლილება და დიასპორის მიმართულება იქნება საგარეო საქმეთა სამინისტროში.

„ეს უმთავრესი მიმართულება, გამომდინარე იქიდან, რომ საგარეო საქმეთა სამინსიტროს აქვს ბუნებრივად ის რესურსი, რომელიც ამ მიმართულებით უნდა დაიხარჯოს და ჩვენ კიდევ უფრო მეტად გავაფართოვებთ ამ მიმართულებით საქმიანობას, რათა თითოეული ჩვენი თანამოქალაქე იყოს ჩვენი ქვეყნის განუყოფელი ნაწილი. ასევე მინდა აღვნიშნო ისეთი მიღწევები, როგორიც იყო მაგალითად თურქეთში ქართული ენის სწავლების დაშვება, რომელიც იყო ნამდვილად ამ სამინისტროს მუშაობის შედეგი. ასე რომ, გელას მინდა წარმატება ვუსურვო, მე დარწმუნებული ვარ, ის იქნება ჩვენი დიპლომატიური კორპუსის ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული წარმომადგენელი“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშილევან იზორია: ვპირდები საზოგადოებას, რომ თავდაცვის სისტემაში რეფორმები გაგრძელდება და არ შეჩერდება
შემდეგი სტატიაუსუფაშვილის განცხადებით, ხვალიდან ხელისუფლების ოპონენტი იქნება და არა – მტერი