დიახ, მინდა, რომ ხალხს დავამახსოვრდე სახალხო დამცველი, რომელიც იცავდა სააკაშვილის და ნებისმიერი ადამიანის უფლებებსაც, რომლის დაცვაც შეიძლება თქვენთვის არ იყო მისაღები – ლომჯარია წილოსანს

დიახ მე მინდა, რომ ხალხს დავამახსოვრდე სახალხო დამცველი, რომელიც იცავდა მიხეილ სააკაშვილის უფლებებსაც და ნებისმიერი სხვა ადამიანის უფლებებსაც, რომლის დაცვაც შეიძლება მმართველი პოლიტიკური ძალისთვის არ იყო მისაღები და სასიამოვნო, – ასე გამოეხმაურა სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია უმრავლესობის წევრის ნინო წილოსანის განცხადებას, რომ ნინო ლომჯარია ხალხს მიხეილ სააკაშვილის დამცველად უფრო დაამახსოვრდება.

მან ასევე უპასუხა ნინო წილოსანის მიერ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, თუ ვინ მისცა სახალხო დამცველს უფლება, რომ ირაკლი კობახიძის ლეგიტიმაცია დაეწუნებინა, რაზეც ლომჯარიამ აღნიშნა, რომ საკმაოდ რბილი იყო მის მიერ გაკეთებული განცხადებები და იმ ვითარებაში უფრო მეტის თქმა შეიძლებოდა.

„მე არ გავიხსენებდი თქვენს ადგილზე, მაგრამ თქვენ გაიხსენეთ ბატონი კობახიძის მიმართ გაკეთებული შეფასებები, მათ შორის, მისი რეპუტაციის და ლეგიტიმაციის შესახებ საკმაოდ მკვახე განცხადებები გავაკეთე და შეგახსენებთ რატომ გავაკეთეთ ეს განცხადებები. მე ვფიქრობ, რომ კიდევ საკმაოდ რბილი იყო განცხადებები უფრო მეტის თქმა შეიძლებოდა იმ ვითარებაში, რადგან ბატონი კობახიძე, რომელიც არის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გამოვიდა და საპარლამენტო ტრიბუნიდან დაემუქრა საქართველოს სახალხო დამცველს და მის მიერ შექმნილ ექსპერტთა ჯგუფს, რომ დადგებოდა ჩვენი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა იმის გამო, რომ ჩვენ ვიცავდით ადამიანის უფლებებს. მე ვფიქრობ, რომ სწორედ მას არ ჰქონდა ამისი თქმის უფლება და მან ძალიან ბევრი უფლება მისცა საკუთარ თავს, როდესაც ეს განცხადება გააკეთა და, რა თქმა უნდა, მე არამარტო ჩემს მანდატს, არამედ ყველა ფორმით დავიცავ ყველა იმ ადამიანს, რომელიც სახალხო დამცველის მანდატის ქვეშ ახორციელებს უფლებადაცვით საქმიანობას, ამიტომ კარგი იქნებოდა გაგეხსენებინათ კობახიძის რა განცხადებას მოჰყვა ჩემი ეს კომენტარი.

დიახ მე მინდა, რომ ხალხს დავამახსოვრდე სახალხო დამცველი, რომელიც იცავდა მიხეილ სააკაშვილის უფლებებსაც და ნებისმიერი სხვა ადამიანის უფლებებსაც, რომლის დაცვაც შეიძლება მმართველი პოლიტიკური ძალისთვის არ იყო მისაღები და სასიამოვნო და დიახ, მე მინდა დავამახსოვრდე სახალხო დამცველი, რომელიც იცავდა ყველა იმ პირს, რომლის უფლებების დაცვა არ იყო პოპულარული და რომლის გამოც, სახალხო დამცველი ხდებოდა თავდასხმის ობიექტი. მათ შორის, ვიცავდი და დავიცავ ვადის ამოწურვამდე, იმ პირებს, რომლებიც თქვენი გუნდის წევრები იყვნენ ძალიან დიდი ხანი, მაგრამ ახლა არ არიან და დღეს მათაც სჭირდებათ დახმარება და ამ მიმართულებით დისკრიმინაციას ნამდვილად არ ვეწევი“, – განაცხადა ლომჯარიამ.

banner
წინა სტატიაშინამდვილად არ მერჩივნა, რომ დაგვცემოდა ბომბი, მაგრამ სირცხვილის გრძნობა ხშირ შემთხვევაში არის გაცილებით მტკივნეული, ამაზე საუბრობდა შოთა რუსთაველი – ლომჯარია
შემდეგი სტატიაშალვა ხაჭაპურის განცხადებით, ამერიკელი ექიმი სააკაშვილთან არ შეუშვეს