დღეს არის შანსი, შევქმნათ სხვა სახელმწიფო. ეს შანსი არა მარტო ოპოზიციის ამომრჩეველს, არამედ მთელ საქართველოს აქვს – მამუკა ხაზარაძე

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე დეკემბერი 9, 2020 11:44

დღეს არის შანსი, შევქმნათ სხვა სახელმწიფო. ეს შანსი არა მარტო ოპოზიციის ამომრჩეველს, არამედ მთელ საქართველოს აქვს – მამუკა ხაზარაძე

“ლელოს” თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე პარლამენტში შესვლის საკითხს არ განიხილავს და აცხადებს, რომ ამ ნაბიჯს მისი პარტია არ გადადგამს. ის ცალსახად გამორიცხავს პარლამენტში შესვლას, თუ ოპოზიციის ძირითადი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა.

ხაზარაძის თქმით, დღეს არის შანსი, შევქმნათ სხვა სახელმწიფო. ეს შანსი არა მარტო ოპოზიციის ამომრჩეველს, არამედ მთელ საქართველოს აქვს.

“მე რომ პრაგმატულად შემეხედა პარლამენტში შესვლის საკითხისთვის, ვიფიქრებდი იმაზე, რომ ჩვენ წინააღმდეგ აღძრეს სისხლის სამართლის საქმე, ჩაშალეს ანაკლიის პროექტი და პარლამენტში შესვლით ამ პრობლემებს მოვაგვარებდით. თუმცა, ჩვენ ვფიქრობთ სწორად, სამართლებრივად, სახელმწიფოებრივად და არ გადავდგამთ ამ ნაბიჯს,” – ამის შესახებ “ლელოს” თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

მისივე განმარტებით, პარტია “ლელო” პარლამენტში არ შევა და არ გახდება ოცნების მიერ გაფუჭებული საქმეების თანამონაწილე.

მამუკა ხაზარაძის თქმით, სანახევრო და შუალედური შეთანხმებები არ გამოვა, თუ სამართლიან ფუნდამენტზე უარი ითქვა.

“მე რომ პრაგმატულად შემეხედა პარლამენტში შესვლისთვის, დავივიწყებდი იმ იდეოლოგიას, შეხედულებებს და სიმართლეს, რისთვისაც მე მოვედი პოლიტიკაში. მაგრამ არა და არა, ეს არ მოხდება! ყოველთვის შემაწუხებს ფიქრი, რომ ამ შემთხვევაში ვიყავი გარიგების ნაწილი და ამას ვერ ავუხსნი ვერც ჩემს თავს და ვერც საზოგადოებას,”-აცხადებს ხაზარაძე.

“ლელოს” დამფუძნებლის თქმით,
პრაგმატული იქნებოდა იმის აღიარება ოცნების მხრიდან, რომ მათ მოპარეს არჩევნები მოსახლეობას. ისინი რჩებიან მარტო, მარტო მთელი რიგი პრობლემების წინაშე, რომელსაც ვერ უმკლავდებიან და ვერც სამომავლოდ შეძლებენ გამკლავებას.

“ამ ფონზე ცდილობს “ოცნება”, თავისი გაფუჭებული საქმის თანამონაწილე გახადოს ოპოზიცია პარლამენტში შესვლით… თან ხმები მოგვპარონ, არჩევნები გაგვიყალბონ და ამ ყველაფერზე თვალი დავხუჭოთ – ეს არ გამოვა. მმართველმა გუნდმა შეიქმნა პრობლემები და ამაზე თავადვე უნდა აგონ პასუხი.

მამუკა ხაზარაძის თქმით, ამ წლების განმავლობაში არცერთ მთავრობას არ უფიქრია, ან ერთ მხარეს ყოფილიყო, ან მეორე მხარეს. ისინი შუა გზაზე იდგნენ და სახელმწიფოსთვის სასიკეთო გამოსავალს არ ეძებნდნენ… ამიტომაცაა ეს ქვეყანა ასეთ მდგომარეობაში. გამოსავალი კი არის მყარი ფუნდამენტის მშენებლობა. არჩევნები არის პირველი ნაბიჯი – ფუნდამენტი, რომელზეც უნდა დაშენდეს ეკონომიკა, ჯანდაცვა და ბოლოს და ბოლოს ჩვენი შვილების მომავალი. როგორ უნდა უთხრა შენს შვილებს, რომ ამ ქვეყანაში არაფერი სასიკეთო ძვრა არ მოხდება. მე არ მინდა, ჩვენი შვილები, მომავალი თაობა შევაგუოთ, რომ მათი ხმა ყოველთვის დაკარგული იქნება, და ამისთვის ჩვენ – მშობლების თაობამ არაფერი გავაკეთეთ,”- განმარტა ხაზარაძემ.

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე დეკემბერი 9, 2020 11:44

Google სტატისტიკა


5,155
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics