,,დემოკრატია,, რომელიც რევოლუციით მთავრდება

ქართული სახელმწიფოს პოლიტიკურ განვითარებას, დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე, თვალს თუ გადავავლებთ და მას ცივილიზებული, დემოკრატიული ქვეყნების სინამდვილეს შევადარებთ, დავრწმუნდებით, რომ ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიული მმართველობა არასოდეს ყოფილა. დემოკრატიამ ჩვენთან რამდენჯერმე თუ გაიელვა.
ჩვენთან დემოკრატიის პირველი გაელვება მოხდა მაშინ, როდესაც ზვიად გამსახურდიამ და მისმა მრავალპარტიულმა ბლოკმა ,,მრგვალმა მაგიდამ,, – 1990 წელს, პირველ მრავალპარტიულ არჩევნებში კომუნისტები დაამარცხა, რასაც მოკლე ხანში საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება მოჰყვა.
მეორე გაელვება იყო 2003 წლის ნოემბერში, როდესაც ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების მიერ არჩევნების პერმანენტული გაყალბებების გამო გამოხატული ლეგიტიმური სახალხო პროტესტი მშვიდობიან რევოლუციაში გადაიზარდა და შედეგად შევარდნაძის ავტორიტარულ-დიქტატორული რეჟიმი დაემხო.
მესამე – 2012 წელს, როდესაც მოსახლეობის დიდ ნაწილს მობეზრდა არსებული ხელისუფლების ერთპარტიული მრავალწლიანი მმართველობა და მმართველმა ძალამ, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ პირველად, შესძლო ხელისუფლება არჩევნების გზით, ოპოზიციური კოალიციისთვის მშვიდობიანად გადაებარებინა. აღსანშნავია ის გარემოებაც, რომ 2012 წელს, ხელისუფლებას არჩევნების ტოტალური გაყალბება და შედეგების თავის სასარგებლოდ გაფორმება მოეხდინა, ეს ყველაფერი დიდი ალბათობით სახალხო მღელვარებას და რევოლუციას გამოიწვევდა.


ზემოაღნიშნულ სამ მოვლენას შორის არსებულ პერიოდებში, ქართული ხელისუფლებების მმართველობას ნამდვილ დემოკრატიასთან არანაირი კავშირი არ ჰქონია, რადგან დემოკრატია კლასიკური, დასავლური გაგებით, ქვეყნის მართვაში რეალური ოპოზიციის უცილობელ მონაწილეობას გულისხმობს. ოპოზიციისთვის ხელისუფლების განაწილება, რაც საქართველოში არასოდეს მომხდარა, ხდება სუსტი დემოკრატიის პირობებშიც კი, და ამის ნათელ მაგალითს ქვემოთ მოვიყვანთ.

მაგალითისთვის კმარა ჩვენი მეზობელი თურქეთი და მისი ხელისუფლება – პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანის მეთაურობით…. საქართველოში ალბათ ყველამ იცის, რომ ერდოღანის ხელისუფლების მიმართ ევროკავშირს და დასავლეთის ქვეყნებს, ბოლო წლებში სერიოზული შენიშვნები აქვთ დემოკრატიის კუთხით. სიმართლე რომ ვთქვათ, ეს ქვეყანა დემოკრატიის ეტალონად არასდროს არავის მიუჩნევია. მიუხედავად ამისა, თურქულ პოლიტიკაში და საარჩევნო სისტემაში ჩახედულმა ადამაინებმა იციან, რომ თურქული დემოკრატიაც კი, ქართული დემოკრატიისაგან – ვარსკვლავის სიშორეზეა.

მოდით განვიხილოთ თურქეთში ჩატარებული საპარლამენტო და ადგილობრივი ორგანოების ბოლო არჩევნების ოფიციალური შედეგები და შევხედოთ როგორია იქ ოპოზიციის როლი ქვეყნის მართვაში… ამასთანავე შევადაროთ ის ჩვენს პოლიტიკურ რეალობას.
,,დიქტატორმა,, ერდოღანმა და მისმა პარტიამ, რომელიც ,,ახრჩობს,, ოპოზიციას და ათასობით ადამიანს ციხეში სვამს, 2014 წლის ადგილობრივი ორგანოების არჩევნების შედეგების მიხედვით, თურქეთის 30 დიდი ქალაქიდან მხოლოდ 18-ში შესძლო მერის პოსტის მოგება, 12 დიდი ქალაქი კი – დღემდე ოპოზიციის ხელშია. ამას გარდა, თურქეთის 1351 მუნიციპლიტეტის მერიაში, ერდოღანის მმართველ ,,სამართლიანობისა და აღორძინების პარტიას,, – 800 მერი ჰყავს, ოპოზიციას კი – 551. მეორე ადგილზე გასულ, მთავარ ოპოზუციურ ,,სახალხო რესპუბლიკურ პარტიას,, – 6 დიდ ქალაქსა (მათ შორის 6 მილიონიან იზმირში) და 226 მუნიციპალიტეტში – მერის პოსტები უჭირავს. მესამე ადგილზე გასულ ,,ნაციონალური მოძრაობის პარტიას,, რომელმაც ხმების საერთო რაოდენობიდან 15 % მიიღო, 3 დიდ ქალაქსა და 166 მუნიციპალიტეტში – საკუთარი მერის ჰყავს. 5%-თ მეოთხე ადგილზე გასულმა ,,ხალხთა დემოკრატიულმა პარტიამ,, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, 3 დიდი ქალაქისა და 97 მუნიციპალიტეტის მერის პოსტი დაიკავა. წამყვანი ოპოზიციური პარტიების გარდა, ადგილობრივ არჩევნებში მონაწილე 13-მა წვრილმა პარტიამ 60-ზე მეტ მუნიციპალიტეტში მერის პოსტი მოიპოვა. რაც შეეხება თურქეთში 2015 წელს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს, ეს არჩევნები ერდოღანის მმართველმა პარტიამ თავდაპირველად წააგო… თუმცა პარლამენტში 60%-ს მქონე 3-მა ოპოზიციურმა პარტიამ, არჩევნების ჩატარებიდან 45 დღის განმავლობაში კოალიციურ უმრავლესობაზე შეთანხმება ვერ მოახერხა, რის გამოც, კონსტიტუციით, სამიოდე თვეში ხელახალი არჩევნები ჩატარდა, სადაც ერდოღანის ,,სამართლიანობისა და აღორძინების პარტიამ,, ,,ეროვნულ მეჯლისში,, ადგილების 51% მოიპოვა და საკუთარი მთავრობის ჩამოყალიბების უფლებას ასე მიაღწია. აღსანიშნავია, რომ დიდი საკონსტიტუციო რეფორმა, რომლის მიხედვითაც თურქეთი საპარლამენტო მმართველობიდან ძლიერ საპრეზიდენტო მმართველობაზე გადავიდა, ეროღანის ხელისუფლებამ საერთას სახალხო რეფერენდუმის გზით განახორციელა და ამ რეფერენდუმშიც, რეფორმების მომხრეებმა 51%-თ – 49% წინააღმდეგ, მიაღწიეს გამარჯვებას.

ახლა კი დავბრუნდეთ საქართველოში, სადაც ყველა დიდი ქალაქის, მუნიციპალიტეტისა და დაბის მერად, 21 ოქტომბერს ხელისუფლების მიერ ტოტალური კონტროლისა და მასიური მოსყიდვა-დაშინების გზით ჩატარებული არჩევნებით, სრული 100% -თ მმართველი ,,ქართული ოცნების,, კანდიდატები აირჩიეს. მმართველი პარიის კუთვნილება გახლავთ ადგილობრივი საკრებულოების მაჟორიტარ დეპუტატთა 99%-ც… დავბრუნდეთ კიდევ ერთი წლით უკან, სადაც საპარლამენტო არჩევნებში ,,ოცნების,, ხელისუფლებამ იმავე ხერხებით ყველა რაიონის მაჟორიტარად 100%-თ თავისი პარტიის წევრი გაიყვანა და მიღებული 48%-ანი მხარდაჭერის მიუხედავად, საკონსტიტუციო უმრავლესობა მიიღო. სწორედ ამ საკონსტიტუციო უმრავლესობით, თურქეთისაგან განსხვავებით, ხელისუფლებამ საკონსტიტუციო ცვლილებები, პრეზიდენტის, ოპოზიციისა და საზოგადოების დიდი ნაწილის სრული იგნორირებით განახორციელა.

მსგავსი ,,დემოკრატია,, რომელიც ,,ევროპას ნამდვილად გააკვირვებს,, წარმოუდგენელია და შეუსაბამო ნებისმიერი სუსტი დემოკრატიის ქვეყნისთვისაც კი. მსგავსი მოცემულობა არ არსებობს არც ერთ დემოკრატიულ ქვეყანაში და მიუღებელია განვითარებული საზოგადოებისთვის. არაფორმალური მმართველობის ერთპიროვნული და ერთპარტიული სისტემა, რომელიც საქართველომ მიიღო ბოლო ორი არჩევნების შედეგად, აჭარბებს კომუნისტური ეპოქის მმართველობასაც და ცვლილებებისთვის პერსპექტივას არ ტოვებს. ისევე როგორც შევარდნაძის ეპოქაში, ქართული საზოგადოება კვლავ დგება იმ დილემის წინაშე, რომ სიტუაციის შესაცვლელად და დემოკრატიის დასაცავად, არჩევნები როგორც გზა – უკვე ეჭვქვეშაა. ამ სიტუაციაში კი – ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ავტომატურად იწყებს ფიქრს მოვლენების რევოლუციურ განვითარებაზე და ასეთ განვითარებას განიხილავს როგორც ლეგიტიმურ გზას, ქვეყნის პოზიტიური განვითარებისა და დემოკრატიის გადარჩენისა. ხელისუფლებას და არაფორმალურ მმართველს კარგად უნდა ესმოდეთ, თუ რაოდენ სახიფათოა მათ მიერვე შექმნილი ,,დემოკრატია,,. ისინი ამ ჩიხური სიტუაციიდან გამოსვლის გზებს უკვე უნდა ეძებდნენ. გამოსავალი კი, შესაძლებელია საარჩევნო კანონმდებლობის, პოლიტიკური თამაშის წესების კარდინალური ცვლილება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იყოს. რადიკალური ცვლილებების გარეშე, მსგავსი ,,დემოკრატია,, ადრე თუ გვიან ქვეყანაში რევოლუციურ სცენარს მოიტანს.

კახაბერ ადამია

,,თაიმერის,, ანალიტიკური სამსახური

banner
წინა სტატიაშიუკრაინელი ექსპერტი: სააკაშვილის კარვიდან გაძევება პოროშენკოსთვის სავალალო შედეგით დასრულდება
შემდეგი სტატიაშსს-მ სამცხე-ჯავახეთში ორი თვის განმავლობაში ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის 161 ფაქტი გამოავლინა