,,დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალება, ეკლესიასა და საზოგადოებაში ღვთივსულიერი მშვიდობის განმტკიცებას შეუწყობს ხელს”

დეკანოზ გიორგი მამალაძის საპყრობილეში ყოფნა, მითუმეტეს „მკვლელობის მცდელობის” ბრალდებით, დამნაშავეა თუ უდანაშაულო, ჩვენი სირცხვილია, – ამის შესახებ დმანისისა და აგარაკ-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსი, მეუფე ზენონი სოციალურ ქსელში წერს.

მისი აზრით, დეკანოზის შეწყალება, ეკლესიაში და ზოგადად საზოგადოებაში, ხელს შეუწყობს ღვთივსულიერი მშვიდობის განმტკიცებას.

„თავს ვერ დავაღწევთ იმას, რომ ე. წ. ციანიდის საქმე თანამედროვე ეკლესიის წევრთათვის, ქვეყნისთვის წარმოადგენს შავ ლაქას. მრავალს გაუჩნდა უსამართლობისა და უნდობლობის განცდა. ზოგს ბრალდებულის უდანაშაულობის სჯერა. ზოგს მის დანაშაულში ეჭვი არ ეპარება, ოღონდ წარმოდგენილი „შესაძლო მსხვერპლის” ვერსია მისთვის არადამაჯერებელია. ჩვენთვის დამახასიათებელი უკიდურესობის გამოისობით ზოგიერთისთვის დეკანოზი გიორგი მამალაძე „სიმართლისათვის დევნილია” და ზოგიერთისათვის „ცოდვილთა შორის ცოდვილი”. რა მოიტანა ამ ყოველივემ: ლანძღვა-გინება, განკითხვა, სიძულვილის და გაუცხოების ტენდენცია. ამბავი გასცდა ჩვენი ქვეყნის საზღვრებს და ალაპარაკდნენ სხვაგან. ზოგჯერ ვირჩევთ უმცირესს და ვკარგავთ უმთავრესს.

ვფიქრობ, ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებული ყოველი სუბიექტი, აგრეთვე ყოველი ჩვენგანი გავაანალიზებთ თავს დატეხილ განსაცდელს, რადგან მეტ-ნაკლებად პასუხისმგებელი ვართ ყველა ერთად და ავირჩევთ უმჯობესს, რომ სუფთა სინდისით ვიმსახუროთ სასულიერომაც და საერომაც. ზოგადად, დიდი წინაღობა და მუხრუჭი არის ქვეყნისა და საზოგადოების წინსვლისათვის შერჩევითი სამართალი, ხანგრძლივ დროში ესოდენ მახასიათებელი ქართული ყოფისათვის“, – წერს მეუფე.

banner
წინა სტატიაშისტამბოლში უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ ტომოსს მოეწერა ხელი
შემდეგი სტატიაამირან გამყრელიძე – გრიპის ვირუსთან დაკავშირებით სასწრაფოს გამოძახებების რაოდენობა მცირდება