დავით ზალკალიანი – საქართველოს ხელისუფლების კონკრეტული ნაბიჯები ადასტურებს ანაკლიის პორტის მნიშვნელობას

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge ივნისი 12, 2019 21:55

დავით ზალკალიანი – საქართველოს ხელისუფლების კონკრეტული ნაბიჯები ადასტურებს ანაკლიის პორტის მნიშვნელობას

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ვაშინგტონში კიდევ ერთხელ გამოეხმაურა ანაკლიის პორტის საკითხს და ხაზი გაუსვა პროექტის დიდ მნიშვნელობას საქართველოს ხელისუფლებისთვის. მისი თქმით, სწორედ ამას უკავშირდებოდა სახელმწიფო მდივნის განცხადებაც, რომლითაც მაიკ პომპეომ ხაზი გაუსვა ანაკლიის პორტის მნიშვნელობას.

მან ასევე უარყო რაიმე სახის კავშირი სახელმწიფო დეპარტამენტში გაკეთებულ განცხადებასა და კონსორციუმისთვის ვალდებულებების შესრულების გადავადებას შორის.

„კონკრეტული ფაქტები ადასტურებს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება ამ მიმართულებით აქტიურ ნაბიჯებს დგამს. რამდენჯერ იქნა გადადებული კონსორციუმის მხრიდან იმ ვალდებულებების შესრულება, რაც დაკავშირებულია ფინანსურად ამ პროექტის დახურვასთან?! გუშინ კიდევ ერთხელ მოხდა ვალდებულების გადავადება. შესაბამისად მცდარია იმის დაკავშირება, რომ გადავადებები მოხდა გუშინდელი განცხადების მერე. საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ბევრჯერ პრაქტიკულად დადასტურდა ამ პროექტის მნიშვნელობა, იგივე 300 მილიონი იქნა გამოყოფილი ინფრასტრუქტურის და მიწების შესყიდვაზე, რაც ადასტურებს ამ პროექტის მნიშვნელობას ჩვენთვის. სახელმწიფო მდივანმაც საკუთარ გამოსვლაში სწორედ ამას გაუსვა ხაზი“ – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მისივე თქმით, ანაკლიის პროექტის პრიორიტეტულობას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ საქართველოს ხელისუფლებამ იგი წარადგინა ევროკავშირში პრიორიტეტული პროექტების ნუსხაში და ასევე პროექტი ჩადებულია ქვეყნის საგარეო პოლიტიკის სტრატეგიაში.

ჟურნალისტებთან საუბრისას მინისტრმა ასევე შეაფასა სახელმწიფო მდივნის განცხადება, რითიც მაიკ პომპეო მიესალმა საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებს. ზალკალიანის თქმით, აშშ-ს მხრიდან რეფორმებს მაღალი შეფასება მიეცა სახელმწიფო მდივანთან გამართულ დახურულ შეხვედრაზეც.

„სახელმწიფო მდივანთან შეხვედრაზე ამ დემოკრატიულ რეფორმებზე საუბარი იყო მხოლოდ პოზიტიურ კონტექსტში. მან ძალიან კარგად მიიღო ის მიმდინარე რეფორმები რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ამ მხრივ ახორციელებს, მათ შორის მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღა. ხელისუფლების მხრიდან არის პოლიტიკური ნება გამოხატული, რაც ძალიან კარგად ესმით პარტნიორებს. მინდა, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ იმას, თუ რა თქვა პრესკონფერენციაზე სახელმწიფო მდივანმა და არა იმას, თუ როგორ ინტერპრეტაციას უკეთებენ მის გამონათქვამს სხვადასხვა პოლიტიკური ძალები. აქ საქმე ეხება ეროვნულ ინტერესებს და როდესაც სახელმწიფო მდივანი საუბრობს, რომ იგი მიესალმება რეფორმების გაგრძელებას, რომელსაც ვახორციელებთ, ეს რეფორმები მისთვის მისაღები რომ არ იყოს, არც მიესალმებოდნენ. ამიტომ გთხოვთ საზოგადოებას ნუ შეიყვანთ შეცდომაში“, -განაცხადა დავით ზალკალიანმა.

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge ივნისი 12, 2019 21:55

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


4,288
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics