ჩრდილოატლანტიკური მისწრაფება არის ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტი

ჩრდილოატლანტიკური მისწრაფება არის ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტი, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით​ ზალკალიანმა აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტში აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მესამე წლიურ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

„10 წლის განმავლობაში ჩვენ ვფოკუსირდებოდით მტკიცე სამხედრო თანამშრომლობაზე აშშ-სა და საქართველოს შორის. 2016 წელს ხელი მოვაწერეთ თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც იყო წარმატებულად იმპლემენტირებული ამ ადმინისტრაციის მიერ. პრემიერმაც ახსენა, რომ აშშ-ს ამჟამინდელ ადმინისტრაციასთან და აშშ-სთან ჩვენი თანამშრომლობა ორჯერ მაღალია. ჩვენ ვაშენებთ მტკიცე თავდაცვით თანამშრომლობას ორმხრივ ფორმატშიც და ნატო-ს ჭრილშიც, ჩრდილოატლანტიკური მისწრაფება არის ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტი“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

მინისტრის თქმით, საქართველო არის ნატო-ს ყველაზე წარმატებული ასპირანტი ქვეყანა, რომელსაც მისი წევრობისთვის ყველა არსებითი ხელსაწყო აქვს.

„ფაქტია, რომ საქართველო არის ნატოს ყველაზე წარმატებული ასპირანტი ქვეყანა, რომელსაც მისი წევრობისთვის ყველა არსებითი ხელსაწყო აქვს, რასაც ჩვენი პარტნიორებიც აღიარებენ. თუმცა ამავდროულად ჩვენ ვიმყოფებით სიტუაციაში, სადაც მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება გვაკლია წევრობისთვის. ვფიქრობ, როდესაც ქვეყანა გაწოდებს შედეგს, ამას უნდა მოჰყვეს პასუხიც. ნატო-ს სამიტზე და მინისტერიალებზე უნდა მოვახდინოთ ქვეყნის პროგრესის დემონსტრირება სწორედ წევრობის კონტექტსში, რადგან თუ ეს არ შესრულდება, ეს გამოიწვევს დიდ ფრუსტრაციას ქვეყნის შიგნით და იქნება არასწორი გზავნილი მეზობლის მიმართ, რომელსაც შეუძლია, ძირი გამოუთხაროს საქართველოს ინტეგრაციის პროცესს. ამიტომაც გვგონია, რომ აშშ-ის როლი, როგორც მთავარი პარტნიორისა და ქვეყნის, რომელიც მტკიცედ უჭერს ნატო-სკენ ჩვენს მისწრაფებას მხარს – უმნიშვნელოვანესია. ჩვენ მადლობელი ვართ იმ მხარდაჭერისთვის, რაც ასახულია აშშ-ს დეკლარაციებსა თუ მაღალი რანგის პირების განცხადებებში“,- განაცხადა ზალკალიანმა.

მინისტრს კონფერენციაზე ნატო-ში გაწევრიანების კონტექსტში ოკუპირებული რეგიონების ფაქტორზეც ჰკითხეს, სადაც ზალკალიანმა კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაჭრის მნიშვნელობასა და საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე გააკეთა აქცენტი.

„როდესაც ამ მიმართულებით ვავლენთ ჩვენს კონსტრუქტიულობას, ამით ვეხმარებით ჩვენს პარტნიორებს ნატო-დან და ევროკავშირიდან, რომ გადადგან უფრო მტკიცე ნაბიჯები ჩვენი ნატო-ს წევრობის კონტექსტში. მიუხედავად სირთულეებისა, ჩვენ გავაგრძელებთ ამ პოლიტიკას. იცით, რომ გვაქვს ასოცირების ხელშეკრულება ევროკავშირთან, რაც ღრმა და ყოვლისმომცველ ვაჭრობას გულისხმობს, მასში არის მნიშვნელოვანი ელემენტები, რომლებიც ოკუპირებულ რეგიონებსაც მოიცავს. ამიტომ ვთვლი, რომ არსებობს ბევრი შესაძლებლობა, რომ შევთანხმდეთ საერთაშორისო ხელშეკრულებების ოკუპირებულ ტერიტორიებზე იმპლემენტირების თაობაზეც. მზად ვართ, ამაზე ნატო-სთან და ევროპელ პარტნიორებთან საუბრისთვის.ეს შეთანხმებადია. მართალია საქართველო ამ მხრივ აჩვენებს კონსტრუქციულ პოზიციას, თუმცა ეს არაა ორმხრივი, რადგან რუსეთის მხრიდან სამწუხაროდ განსხვავებულ პოზიციას ვადევნებთ თვალს“,- განაცხადა დავით ზალკალიანმა.

banner
წინა სტატიაშიბორჯომ-ბაკურიანის გზაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე სამი პირია დაკავებული
შემდეგი სტატიადავით ზალკალიანი – საქართველოს ხელისუფლების კონკრეტული ნაბიჯები ადასტურებს ანაკლიის პორტის მნიშვნელობას