დავით ბაქრაძე: წარმოდგენილ კანონს აკლია ორი ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება

“ევროპული საქართველო მხარს უჭერს ჩვენი საზოგადოების ძალიან დიდ მიღწევას პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით და შეხვედრების დროს დააყენებს ყველა იმ შენიშვნას, რომელიც საარჩევნო ცვლილებების კანონპროექტს ახლავს” – აცხადებს ევროპული საქართველოს ლიდერი, დავით ბაქრაძე

„ჩვენ გვაქვს შენიშვნები პარტიების დაფინანსების, სარეკლამო რგოლების განაწილების, საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტების წესთან დაკავშირებით და იმედი მაქვს, სამუშაო პროცესში, ოპოზიციის შენიშვნები გათვალისწინებული იქნება იმისთვის, რომ საბოლოო ვერსიას ჰქონდეს უფრო მაღალი ლეგიტიმაცია და ოპოზიციის მხარდაჭერა.

წარმოდგენილ კანონს აკლია ორი ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება, პირველი: ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციები და მიგვაჩნია, რომ ეუთოს, ევროსაბჭოს, NDI-ის რეკომენდაციების პაკეტი სრულად უნდა იყოს გათვალისწინებული იმისთვის, რომ ჩვენი საარჩევნო კანონმდებლობა შესაბამისობაში იყოს საერთაშორისო სტანდარტებთან. მეორე: საარჩევნო ზეწოლის გამორიცხვის მექანიზმები, მაგალითად, არჩევნების დღეს საარჩევნო უბნის გარეთ შეკრებების აკრძალვა, რომ აღარ მოხდეს კრიმინალური ელემენტებისა და ადგილობრივი ხელისუფლების შეკრება და ამომრჩეველზე ზეწოლა, ასევე უბანზე მობილური ტელეფონების შეტანის აკრძალვა, რომ ამომრჩევლებს ვერ მოთხოვონ ბიულეტენისთვის სურათის გადაღება და გაგზავნა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, არჩევნებამდე 6 თვით ადრე და არჩევნებიდან 6 თვის შემდეგ, არ მოხდეს სოციალური სტატუსის შეცვლა, რათა ადამიანებს არ შეეშინდეთ, რომ ხელისუფლებისთვის ხმის არმიცემის შემთხვევაში, მათ დაემუქრებიან და მოუხსნიან სოციალურ დახმარებას“-აცხადებს ევროპული საქართველოს ლიდერი დავით ბაქრაძე.

banner
წინა სტატიაშიყველა ცვლილება გარდა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლისა, ოპოზიციური სპექტრის დაშლას ისახავს მიზნად
შემდეგი სტატიამაშველებმა დრონის დახმარებით აჭარაში მამაკაცი გადაარჩინეს