დარახველიძე – პოლიცია პროცესში ერთვება მაშინ, როცა აქცია ხდება ძალადობრივი ხასიათის

პოლიცია პროცესში ერთვება მაშინ, როცა აქცია ხდება ძალადობრივი ხასიათის, ხელოვნურად ხდება ადმინისტრაციული შენობის შესასვლელების ბლოკირება და არსებობს რისკი, რომ თავდასხმები მოხდეს კონკრეტულ პირებზე, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

დარახველიძის თქმით, პოლიცია მაქსიმალურად იცავს თითოეული შეკრება-მანიფესტაციის მონაწილის უფლებას, მშვიდობიანად გამოხატონ პროტესტი.

„დაახლოებით 15-16 დღეა, უწყვეტ რეჟიმში გრძელდება აქციები და პოლიცია ყველა აქციაზე არის მობილიზებული, მაქსიმალურად იცავს თითოეული შეკრება-მანიფესტაციის მონაწილის უფლებას, მშვიდობიანად გამოხატონ საკუთარი პროტესტი. ერთადერთი შემთხვევა, როდესაც პოლიცია ამ პროცესში ერევა და რაც კანონმდებლობით პირდაპირ არის განსაზღვრული, ეს არის ისეთი შემთხვევა, როდესაც აქცია ხდება ძალადობრივი ხასიათის ან ხელოვნურად ხდება ადმინისტრაციული შენობის შესასვლელების ბლოკირება და არსებობს მაღალი ალბათობა, შესაბამისი რისკი, რომ ინდივიდუალური თავდასხმები მოხდეს კონკრეტულ პირებზე. მხოლოდ ასეთ დროს ერთვება პოლიცია და იწყებს შესაბამის რეაგირებას. ამის ნათელი მაგალითია გასული დღეების შემთხვევები.

რაც შეეხება განსაკითრებულ დავალებათა დეპარტამენტს, უკიდურეს შემთხვევაში, როდესაც უკვე შეუძლებელია საპოლიციო ძალებით შეკრება-მანიფესტაციის მართვა, ამ შემთხვევაში ხდება მათი გამოყენება და ისინი იყენებენ სპეციალურ საშუალებებს, იმ ფორმებს, რაც კანონით არის დადგენილი. რაც შეეხება კონკრეტულ შემხთხვევებს, სადაც არსებობს კითხვები, რა თქმა უნდა, ამისთვის არის დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანო, სპეციალური საგანოძიებო სამსახური, რომელიც ასეთ შემთხვევებზე იწყებს გამოძიებას და სრულად სწავლობს თითოეულ ქმედებას – კანონის ფარგლებში იყო მოქმედება, გამოყენებული იყო პროპორციული ძალა, თუ გადაცდომას ჰქონდა ადგილი. გამიჭირდება, სხვა უწყების ნაცვლად ვისაუბრო ამ საკითხზე. შესაბამისად, დაველოდოთ გამოძიებას“, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

banner
წინა სტატიაშიდარახველიძე – მიუხედავად იმისა, რომ საშუალება ჰქონდათ, მშვიდობიანად გამოეხატათ პროტესტი, აქციის მონაწილეები განაგრძობდნენ თავდასხმებს პოლიციელებზე
შემდეგი სტატიანორვეგია უკრაინის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად დამატებით 600 მილიონ დოლარს გამოყოფს