,,დამსაქმებლის მიერ ყველაზე მეტად მოთხოვნადი, პროფესიული განათლების მქონე კადრებია”

შრომის ბაზრის მოთხოვნების დასადგენად ჩატარებული ყველა ბოლო კვლევა გვიჩვენებს, რომ დამსაქმებლის მიერ ყველაზე მეტად მოთხოვნადი, პროფესიული განათლების მქონე კადრები არიან, – ამის შესახებ “ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს” აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ, პროფესიული განათლების სექტორში ინდუსტრიის მონაწილეობის ხელშეწყობის საგრანტო კონკურსის მეორე რაუნდისთვის გამართულ ღია კარის დღეზე განაცხადა.

საგრანტო კონკურსი ,,პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ 16 მილიონიანი პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს. ამავე პროექტის ფარგლებში ხელი უკვე მოეწერა ათ საგრანტო ხელშეკრულებას. ახალი გრანტის მისაღებად კი წინადადებების მიღება 2017 წლის 17 თებერვლამდე იქნება შესაძლებელი.

ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, პროფესიული განათლების სფეროში კერძო სექტორის მონაწილეობის ხელშეწყობის საგრანტო კონკურსის მიზანია გამოავლინოს საუკეთესო გამოცდილებები, რომელიც პროფესიული განათლების იმიჯს გაზრდის და გახდის უფრო მიმზიდველს ახალგაზრდებისთვის და ზრდასრულებისთვის. თითოეული პროექტი შესაძლოა 5 ათასი აშშ დოლარიდან 25 ათასი აშშ დოლარით დაფინანსდეს.

დღევანდელ საინფორმაციო შეხვედრაზე დაინტერესებულმა პირებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს იმ მოთხოვნების შესახებ, რომელიც აუცილებელია გრანტის მოსაპოვებლად.

,,ჩვენ ვიცით, რომ პროფესიული განათლება არ არის ქვეყანაში პოპულარული და მიმზიდველი მაშინ, როდესაც ამ სფეროში უამრავი სიახლე გვაქვს. ბევრი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა, პროფესიული განათლების ხარისხი ეტაპობრივად უმჯობესდება. ბევრი რამ კეთდება ახალი პროგრამების შექმნისთვის და უკვე არსებულის განვითარებისთვის. ჩვენი მიზანია და აქცენტს ვაკეთებთ იმაზე, რომ შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი პროფესიული განათლება მივიღოთ. საგრანტო პროგრამის მეორე რაუნდის მიზანია საზოგადოების ინფორმირებულობა, პროფესიული განათლების იმიჯის გაზრდა და კერძო სექტორთან კავშირების მოძიება და განვითარება“ , – განაცხადა მაგდა მაღრაძემ.

მცირე საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებს, რომლებიც ჩართულნი არიან, როგორც ფორმალურ ასევე არაფორმალურ განათლებაში. გრანტზე განაცხადის გაკეთება შეუძლიათ საჯარო და კერძო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს, კომპანიებს, პროფესიულ ორგანიზაციებსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს.

banner
წინა სტატიაშიNDI-ის კვლევა ჩატარებულია, მაშინ, როცა სააკაშვილის ჩამოშორებას ცდილობდნენ და ამან ამომრჩევლის იმედგაცრუება გამოიწვია-მინაშვილი
შემდეგი სტატიაის განცხადებები,რასაც ჩვენ ვისმენთ არის ქვეყნის სტაბილურობის შეფერხების მცდელობა და დემაგოგია-კალაძე ,,გაზპრომზე”