“ჩვენი ფორმულაა -რურუა გამოდის, ჩვენ სხდომათა დარბაზის კარიდან შევდივართ”

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან ძალიან არასერიოზული განცხადება გაკეთდა.

„რომ არა ზეწოლა პოლიტიკური ოპოზიციის, საერთაშორისო პარტნიორებისა და ქართველი ხალხის, უგულავა და ოქრუაშვილი იქნებოდნენ ციხეში, სასამართლოში ის ადამიანები ივლიდნენ, რომელთა წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა დღემდე გრძელდება და მათი საქმეები დღემდე ფაქტობრივად არ არის შეჩერებული.

ივანიშვილი იძულებული გახდა, პირადი სანქციების შიშით და მთავრობისთვის დახმარების შეჩერების შიშით, დაეჭირა მხარი კონსტიტუციისთვის. ამიტომ, კეთილი ინებონ და საქმე ბოლომდე მოიყვანონ“, – განაცხადა გოცირიძემ.

გოცირიძის განმარტებით, მმართველ პარტიას თუ სურს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებაში მონაწილეობა მიიღოს, მაშინ ყველა დაპირება, შეთანხმება უნდა შეასრულოს.

„ჩვენ კენჭისყრაზე მაშინ შევალთ, როცა რურუა ციხიდან გამოვა. ჩვენი ფორმულაა – ის გამოდის, ჩვენ სხდომათა კარიდან შევდივართ. „ქართული ოცნების“ დეპუტატებს კორონავირუსიც რომ დაემართოთ, ივანიშვილი უზრუნველყოფს ყველაზე ძვირფასი კოსმოსური სკაფანდრები მოიტანოს და ღილაკზე ხელს დააჭერინებს. სხვა რესურსი არ აქვთ, კონსტიტუციური პროექტის ჩაგდების, რადგან ამის უკან დგანან საერთაშორისო პარტნიორები და ქართველი ხალხი.

როცა ოპოზიციას უწოდებენ კრიმინალს, მის უკან დგას მილიონზე მეტი ქართველი ხალხი. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი ქართველ ხალხს შეურაცხყოფას აყენებენ. აკაკი ბობოხიძის განცხადების გამართლებას არ დავიწყებ, მაგრამ წავიკითხე და ეს არის ხატოვანი, ცინიკური ნათქვამი, სადაც ამბობს იმას, რასაც ყველა ვამბობთ – ჩვენს გარეშე მიღება მოუწევს, თუ მეტი კონსენსუსი და ლეგიტიმაცია უნდა, ამ შემთხვევაში სჯობს, კონსტიტუცია ჩვენი მონაწილეობით იყოს მიღებული.

საჭიროა რურუას გათავისუფლება. ბობოხიძემ ეს თქვა, მაგრამ ვერც იუმორს გრძნობენ, ვერც იგავს, ვერც შეფარვით საუბარს. მოკლებული არიან აზროვნებას და თუ სწორხაზოვნად გაიგებ, მაშინ ჩემი ნათქვამიც ასე გაიგონ – „ქართული ოცნების“ უმეტესობა არის ყურმოჭრილები, ახლა გამოვა კობახიძე და მეტყვის, ნახეთ, ყური თუ მაქვს მოჭრილიო. ამათ ბურედანის ვირი რომ ვუწოდო, ანუ, გადაწყვეტილების არმიმღები ადამიანი, გეტყვიან, შეურაცხყოფას მაყენებ, ვირი მიწოდეო. ტროას ცხენი რომ უწოდო, მოღალატე ხარო, იტყვიან, ულაყი მიწოდაო და შეურაცხყოფას გვაყენებთო. გადატანითი მნიშვნელობით საუბარი არ ესმით“,- განაცხადა გოცირიძემ.

banner
წინა სტატიაშილევან კობერიძე – „ევროპული საქართველო“, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ მატაობენ, ფინტაობენ და გოლი ვერ გააქვთ
შემდეგი სტატია“მაჟორიტართა ბაზრის დირექტორად ნუ წარმოუდგენია გიგა ბოკერიას თავი, სად დავდგები მაჟორიტარად, ჩემი გადასაწყვეტია”